რა შემთხვევაში შეძლებს საქართველოს ნაკრები ჯგუფიდან გასვლას?

F ჯგუფიდან სულ 2 გუნდი გადის.

ცნობილია, რომ ამ ორიდან ერთი აუცილებლად იქნება პორტუგალია, საქართველოსთან რომც წააგოს მაინც, რადგან პირველი ორი თამაში უკვე მოიგო: ჩეხეთთან 2-1; ხოლო თურქეთთან 3-0.

მეორე ადგილოსნის ვინაობას თურქეთი, ჩეხეთი და საქართველო გაარკვევენ.

შეგახსენებთ, რომ გამარჯვება 3 ქულად ფასობს, ფრე 1 ქულაა, ხოლო მარცხი 0. თუ ქულები თანაბარია შემდეგ ეტაპზე გამსვლელის ვინაობას უკვე სხვა კომპონენტები არკვევს: ურთიერთშეხვედრებში ნაჩვენები შედეგი, ჯგუფში გოლების შეფარდება, გატანილი გოლების რაოდენობა და ა.შ.

თურქეთი

ცხრილიდან ნათლად ჩანს, რომ ამ სამეულში ყველაზე კარგი შანსი თურქეთს აქვს. მათი მიზანია, რომ ბოლო ტურში ჩეხეთთან არ წააგონ და ფრის შემთხვევაშიც კი მეორე ადგილზე გასულები არიან. თურქეთს საქართველო დამარცხებული ჰყავს, შესაბამისად საქართველომ პორტუგალიას რომ მოუგოს და თურქეთმა და საქართველომ ჯგუფი 4-4 ქულით დაასრულონ, შემდეგ ეტაპზე თურქები გავლენ, რადგან ურთიერთშეხვედრების კომპონენტი მათ მხარეზეა.

ჩეხეთი

თურქეთის შემდეგ ყველაზე კარგი შანსი პროცენტულად ჩეხეთს აქვს. თუ ისინი თურქებს დაამარცხებენ 4 ქულას მოაგროვებენ და 3-ქულიან თურქეთს უკან ჩამოიტოვებენ. ამ შემთხვევაში მათი ფიქრები მხოლოდ საქართველო-პორტუგალიის ანგარიშისაკენ იქნება. თუ საქართველოც მოუგებს პორტუგალიას და ქართველები და ჩეხები ჯგუფს თანაბარი, 4-4 ქულით დაასრულებენ, ამ შემთხვევაში შემდეგ ეტაპზე ის გუნდი გავა, ვისაც ბურთების უკეთესი შეფარდება ექნება, რადგან ქართველებისა და ჩეხების ურთიერთშეხვედრა ფრედ არის დასრულებული. ჩეხები ბურთების შეფარდებაში ჯერჯერობით ერთი გოლით გვჯობნიან, შესაბამისად მათი მიზანია, რომ ეს გარემოება ბოლო ტურის შემდეგაც არ შეიცვალოს

საქართველო

საქართველო მეორე ადგილზე გადის მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ პორტუგალიას დაამარცხებს. სხვა შანსი არ აქვს. პორტუგალიის დამარცხებაც არ არის მე-2 ადგილის გარანტი, ამისათვის საჭიროა, რომ პარალელურად ჩეხეთმა 3-ქულიან თურქეთს მოუგოს. თუმცა არც ეს არის საქართველოს მე-2 ადგილზე გასვლის გარანტი. ამ შემთხვევაში საჭირო იქნება, რომ საქართველომ უკვე ჩეხეთს აჯობოს ბურთების შეფარდებაში, თორემ შემდეგ ეტაპზე ჩეხები გავლენ. რომ შევაჯამოთ, საქართველო მეორე ადგილზე გადის თუ ამარცხებს პორტუგალიას, ჩეხეთი ამარცხებს თურქეთს და საქართველო ჩეხეთს სჯობნის ბურთების შეფარდებაში. ანუ ქართველებმა იმაზე მეტი სხვაობით უნდა დაამარცხონ პორტუგალიელები, ვიდრე ჩეხები მოუგებენ თურქებს.

საკმაოდ რთული მისიაა, თუმცა ევროპის ჩემპიონატის წესები 4 საუკეთესო მესამეადგილოსანსაც აძლევს პლეიოფში გასვლის საშუალებას. თუ საქართველო ჯგუფში მე-2 ადგილს ვერ დაიკავებს, შემდეგ უკვე ამ მიმართულებით მოგვიწევს ბუღალტერიის წარმოება.

საუკეთესო მესამე ადგილოსანი
ევროპის წინა 2 ჩემპიონატის გამოცდილება აჩვენებს, რომ 4-ქულიანი მესამეადგილოსანი პლეიოფში ყოველთვის გადის.

შესაბამისად, თუ საქართველო ბოლო ტურში უმოტივაციო, მაგრამ უფრო მაღალი კლასის პორტუგალიის ნაკრებს დაამარცხებს და ჯგუფში მეორე ადგილზე ვერ გავა, ის უდიდესი ალბათობით შემდეგ ეტაპზე მაინც ითამაშებს, რადგან უეფა 4 საუკეთესო მე-3 ადგილოსანს აძლევს შანსს ასპარეზობა გააგრძელოს და ჩვენი ნაკრები სწორედ მათ შორის იქნება. მართალია, არსებობს თეორიული ალბათობაც, რომ 4-ქულიანი მესამე ადგილოსანი შემდეგ ეტაპზე ვერ გავიდეს, თუმცა ეს შანსი ძალიან მიზერულია.

შესაბამისად მიზანი მარტივია, თუ საქართველო პორტუგალიას მოუგებს, პლეიოფში უდიდესი ალბათობით გავა მე-2 თუ საუკეთესო მე-3 ადგილით.

რა მოხდება, თუ საქართველო პორტუგალიასთან ვერ მოიგებს, მაგრამ ფრეს ითამაშებს და 2 ქულას დააგროვებს? 2016 და 2020 წლის ევროპის ჩემპიონატების გამოცდილება გვიჩვენებს, რომ 2-ქულიანი მესამეადგილოსანი პლეიოფში ვერ გადის. ამ ევროპის ჩემპიონატზე 2 ქულით გასვლის თეორიული შანსი არსებობს, მაგრამ ძალიან ბევრი რამე უნდა დაემთხვეს ერთმანეთს, რაც პრაქტიკაში თითქმის შეუძლებელია.

უპირველეს ყოვლისა, თუ საქართველო პორტუგალიასთან ფრეს ითამაშებს, თურქეთმა აუცილებლად უნდა მოუგოს ჩეხეთს იმისათვის, რომ საქართველო მე-3 ადგილზე გავიდეს პორტუგალიისა და ჩეხეთის კვალდაკვალ. ამის შემდეგ ქართველებმა 6 სხვადასხვა ჯგუფის მესამეადგილოსნებში მინიმუმ ორზე უკეთესი შედეგი უნდა დააფიქსირონ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ უკვე სხვა ჯგუფების თამაშებზეც მოგვიწევს ნერვიულობა და ქომაგობა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *