სოციალურმა ქსელებმა, გასართობმა პლატფორმებმა ბევრი ნიჭიერი ადამიანი გაგვაცნო. ერთ-ერთი მათგანი მოცეკვავე, ქორეოგრაფი ინდირა ღომიძეა. ახალგაზრდა ქალის ვიდეოები ინტერნეტში ვირუსულად ვრცელდება და რა თქმა უნდა, საზოგადოებაში დიდი მოწონებითაც სარგებლობს.
30 წლის ინდირა საკმაოდ წარმატებულია თავის საქმეში და რაც მთავარია, სამი მცირეწლოვანი შვილის დედაა. როგორ ახერხებს კარიერისა და ოჯახის შეთავსებას, ამაზე თავად გვიამბობს.
– ინდირა, როდის გაჩნდა ცეკვა თქვენს ცხოვრებაში?
– ცეკვა ჩემს ცხოვრებაში ყოველთვის იყო. დედა მეუბნებოდა, როცა დაიბადე, ხელის მოძრაობებს უკვე აკეთებდიო. ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით. ფეხი ადგმული არ მქონდა, მაგიდაზე რომ დამაყენებდნენ, მუსიკის გაგონებაზე ვცეკვავდი.
გარკვეული პერიოდი სტუდიებში დავდიოდი, ასევე ფანდურზე, გიტარაზე, ტანვარჯიშზე – ყველაფერს ვედებოდი.
აჭარელი ვარ, ხელვაჩაურის რაიონში ვცხოვრობდი და ახლო მახლო ცეკვის სტუდია არ იყო. როგორც კი ჩამოყალიბდა, 11 წლის ვიყავი, ჩემთვის პროფესიონალურად ცეკვის დაწყება, ძალიან გვიანი იყო, თუმცა, მაინც ვცადე, მივედი…
ჩემ გვერდით იდგნენ 4-5 მაქსიმუმ, 6 წლის ბავშვები, მე ყველაზე დიდი ვიყავი. იმდენად მინდოდა ცეკვა, ამას ჩემთვის დისკომფორტი არ შეუქმნია…
4 წლის განმავლობაში სოლო კონცერტზე ვიცეკვე, მერე აჭარის სახელმწიფო ანსამბლის მოსამზადებელ ჯგუფში მივედი, ძირითად ჯგუფში გადავედი, შემდგომ თბილისში, ქორეოგრაფიულზე ჩავაბარე, კინოსა და თეატრის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ძალიან ბევრი რამ ვისწავლე, დიდი განვითარება მივიღე ამ სფეროში.
შემდეგ სოციალურ ქსელებში დავიწყე აქტიურობა…
– როგორ შეიქმნა სტუდია და ანსამბლი „საუკუნე“?
– ჩემმა ერთ-ერთმა ვიდეომ დიდი მოწონება და გამოხმაურება რომ დაიმსახურა, პირად გვერდზე განცხადება დავდე, რომ თუ ვინმეს გსურთ ჩემთან სამოყვარულო ჯგუფში, შემომიერთდით მეთქი. მოვიდა 4 ზრდასრული გოგონა, 16-24 წლისები. სწავლების მეთოდს და პროცესს ინტერნეტით რომ ვაშუქებდით, ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. 8 გაკვეთილში სხვადასხვა კუთხის ქართული ცეკვის შესწავლა მოეწონათ.
დიდი მოთხოვნის შემდეგ, დავამატეთ მეორე, მესამე… თბილისში სულ 12 ჯგუფი გვქონდა. ძალიან დიდი მოთხოვნა გაჩნდა რეგიონებშიც – გავხსენით ფილიალი ბათუმში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდში. თბილისში სამი ფილიალი გვაქვს, ქუთაისში – 2, დანარჩენებში – თითო თითო.
ხელმძღვანელი და დამფუძნებელი მე გახლავართ, თუმცა, ამ ყველაფერში უნიჭიერესი ქორეოგრაფები არიან ჩართულები, რომლებიც ფილიალებს კურირებენ. ერთად ვცდილობთ, რომ უფრო წარმატებულები ვიყოთ. ძალიან კარგი ქორეოგრაფები არიან, მთელი სულით და გულით შრომობენ და ეს ჩვენს სოცქსელებშიც ჩანს.
– შვილებზეც გვიამბეთ, 30 წლის ასაკში წარმატებული კარიერა გაქვთ და 3 მცირეწლოვანს ზრდით…
– 10 თვის ნენე, 3 წლის თომა და 5 წლის მათე მყავს.
– მათე დაინტერესებულია ცეკვით?
– სხვათა შორის, არ ვაძალებთ, არც ვეკითხებით. ყოველთვის, როცა მუსიკა ირთვება, წარმოუდგენია, რომ დედამ უნდა იცეკვოს. აქვს თუ არა მონაცემები, არ ვიცი. იმ დღეს, ერთი-ორი მოძრაობა ვაჩვენე და ძალიან მარტივად გააკეთა. თუმცა, მე არ მინდა დავთრგუნო და დავძაბო. არც მინდა ჩემთან მოვიყვანო – დედა არის დედა და არა ქორეოგრაფი.
– მეუღლე სად და როგორ გაიცანით?
– მეუღლე „არტ გენზე“ გავიცანი. შემდეგ სოცქსელით ვკონტაქტობდით, რადგან მე ბათუმში ვცხოვრობდი, ის თბილისში. უნივერსიტეტში რომ ჩავაბარე, ჩვენი ურთიერთობა და გრძნობები უფრო გავაღვივეთ და შემდგომ ოჯახი შევქმენით. ყოველთვის ვამბობდი და ისეთი განწყობით ვიყავი, რომ ბევრი შვილის ყოლა მინდოდა. მიყვარს, ვგიჟდები ბავშვებზე. ამ დატვირთული დღის და გრაფიკის შემდეგ, სახლში რომ მივდივარ, სამი უსაყვარლესი ბავშვი მეგებება, ქმარი, რომელიც ჩემი ყველაზე დიდი მხარდამჭერია.
ვფიქრობ, ადამიანი, რომელიც ვერ აძლევს თავს იმის ფუფუნებას, რომ ბევრი შვილი ჰყავდეს, ჩერდება ერთ, ან ორზე, ეს იმის საწინდარია, რომ მეორე ნახევარი თავის რეალიზების საშუალებას ვერ აძლევს. ქალმა საკუთარი თავი არ უნდა დაკარგოს.
– გადატვირთული გრაფიკიდან გამომდინარე, ბავშვებთან დროის რა მონაკვეთს ატარებთ?
– კვირაში სამი დღე მაქვს ძალიან დატვირთული, თუმცა, ორშაბათი დღე სრულიად ჩემს შვილებსა და ოჯახს ეკუთვნით.
დღის პირველი ნახევარი ძირითადად, ატელიესთვის და ბრენდ „საუკუნისთვის“ მაქვს დათმობილი. სადაც ვკერავთ ქართული ცეკვის სარეპეტიციო სამოსს. ასევე ქართულ გათანამედროებულ გამოსასვლელ კაბებს, პიჯაკებს და ა.შ. ამიტომ ძალიან რთულია, ორი ატელიე მაქვს.
ჯერ ერთ ატელიეში გავრბივარ, მერე მეორეში, შუადღიდან რეპეტიციები იწყება, ასევე, გვაქვს მაღაზიები, თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში. დღის ბოლოს კი სახლში ვბრუნდები.