9-წლიანი ძებნის შემდეგ, ქალბატონმა ნინო მძლეურმა 39 წლის ასაკში ბიოლოგიურ მშობლებს მიაკვლია და როგორც აღნიშნავს, ბიოლოგიური ძმა ის ადამიანი აღმოჩნდა, რომელთან ერთადაც ერთ მერხზე იჯდა
“მე მოგიყვებით როგორ ვიპოვე ბიოლოგიური ოჯახი და დედმამიშვილები. მაშინ 8 წლის ვიყავი, ზაფხული იყო, ბებია სახლს ალაგებდა, როდესაც ტყავის ჩემოდანში საქაღალდე ვიპოვე. ბავშვური ცნობისმოყვარეობით დავიწყე კითხვა. მასში საუბარი იყო სახლის კართან დატოვებულ ნაცრისფერ “პილიონკაში” გახვეულ ბავშვზე, რომელიც ოჯახმა იპოვა და შვილად აიყვანა. ბავშვს დაბადებისას ია ერქვა. საუბარი იყო აყვანილ გოგონაზე.
ბებიამ რომ დაინახა საქაღალდეს ვკითხულობდი, ხელიდან გამომგლიჯა, რას კითხულობო. იმ დღის შემდეგ, ოჯახში ეს საქაღალდე აღარ მინახავს. წლები რომ გავიდა მივხვდი, რომ საუბარი იყო ჩვენი ოჯახის წევრზე და ნაშვილები მე ვიყავი. გავიკეთე გენეტიკური ტესტი. დაახლოებით ერთი თვის წინ “ფეისბუქის” საშუალებით დამეკონტაქტა თამუნა მუსერიძე და მითხრა, რომ ჩემი ბიოლოგიური ოჯახი იპოვეს.
ვერ წარმომედგინა, რომ წლების ნაშრომმა შედეგი გამოიღო. როდესაც დავმშვიდდი, მივწერე, დედის მხრიდან ბიოლოგიურ დას, ვთხოვე დამკონტაქტებოდა. ავუხსენი სიტუაცია, რაც თავიდან გაუკვირდა. მითხრა, იქნებ გეშლებათ, დედას მხოლოდ ორი შვილი ჰყავსო. როდესაც ნათესავებზე ინფორმაცია მივაწოდე, მეორე დღეს უკვე იცოდნენ ბიოლოგიური დედის ნათესავებმა, რომ მე ცოცხალი ვიყავი, გამოვჩნდი და ვეძებდი. ასევე გაიგო ბიოლოგიურმა დედამ, მაგრამ ჯერ არ დამკონტაქტებია. მისგან განსხვავებით ორ დღეში მომაწოდეს ინფორმაცია ბიოლოგიურ მამაზე და მისი ფოტო ჩამიგდეს. ყველაზე დიდი შოკი მაშინ მივიღე როდესაც ბიოლოგიური მამის გვერდით დავინახე ბავშვი, რომელთან ერთადაც შვიდი წელი ვიჯექი მერხზე.
ჩემი ნახევარძმა მამის მხრიდან აღმოჩნდა ჩემი კლასელი. როგორც გაირკვა, ჩემი ბიოლოგიური დედა და მამის მეუღლე ერთ დროს იყვნენ ორსულად. ჩემი ძმა ათი დღით ჩემზე პატარაა, მყავს ასევე სამი წლით უფროსი და. ისინი არ ცხოვრობენ საქართველოში და გარდაცვლილები არიან ჩემი ბიოლოგიური მამა და მისი მეუღლე. ამ ფაქტის მოწმე და-ძმისთვის არავინ არის. მითხრეს, რომ სჭირდებათ დრო, ეს ყველაფერი მიიღონ და დაიჯერონ. იმედია, ეს დღეც დადგება”.
წყარო: ამბები.ჯი