ოჯახის წევრების მკვლელობაში ბრალდებულმა, მოსამართლის ყველა კითხვას დუმილით უპასუხა. გიორგი ფირაშვილს არ დაუსახელებია მიზეზი, თუ რატომ გაიმეტა მეუღლე და სიდედრი სასიკვდილოდ. მისი პოზიცია ადვოკატმა მოკლედ განმარტა და დაკავებულის მიმართ მკაცრი აღკვეთის გამოყენებას დაეთანხმა.
რუსთავის საქალაქო სასამართლომ, გადაწყვეტილება ადგილზე თათბირით გამოაცხადა და 27 წლის მამაკაცი პატიმრობაში დატოვა.
გადაწყვეტილების მიღებამდე, პროცესზე კონკრეტული დეტალები გახდა ცნობილი.
პროკურორმა იმ გარემოებებზე გაამახვილა ყურადღება, რომლებიც ადასტურებს, რომ მოკლული მარიამ სოფრომაძე, მეუღლესთან თანაცხოვრების პერიოდში, მუდმივად ძალადობის მსხვერპლი იყო. საქმის მასალებით ირკვევა, რომ ფირაშვილი 21 წლის გოგოს, მის გარეშე გადაადგილების უფლებას არ აძლევდა, უკრძალავდა ოჯახის წევრებთან, მათ შორის, დედასთან კონტაქტს. იყო ფაქტები, როდესაც 27 წლის მამაკაცი, მსხვერპლს გასაღებით სახლში კეტავდა და გარეთ არ უშვებდა. მტკიცებულებებს შორის, ახლობლების ჩვენებაც არის. მოწმეები ჰყვებიან, რომ 2 თვის წინ, ფირაშვილმა მეუღლის გაგუდვა სცადა. მომხდარის შემდეგ, მარიამ სოფრომაძემ ფირაშვილების სახლიდან წასვლა მოახერხა და საცხოვრებლად მშობელთან გადავიდა.
სასამართლო პროცესზე დასახელებული ფაქტები, მოგვიანებით მოკლული დედა-შვილის ახლობლებმაც დაადასტურეს.
დანაშაულის მოტივზე, გიორგი ფირაშვილის დაცვის მხარე ჯერ არ საუბრობს. ადვოკატის თქმით, უფრო მეტი დეტალი მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც საქმეზე არსებითი განხილვები დაიწყება.
“დისკრიმინაციული მოტივით, გენდერული ნიშნით ჩადენილი მკვლელობა” – ეს დანაშაულის ოფიციალური მოტივია. ბრალდების მხარის ინფორმაციით, 27 წლის მამაკაცს მეუღლის და სიდედრის მოკვლა წინასწარ ჰქონდა განზრახული. ირკვევა, რომ იარაღი, რომლითაც მარიამ სოფრომაძეს და ინგა ბეგაშვილს 5 ჯერ ესროლა, ფირაშვილმა რამდენიმე დღით ადრე შეიძინა, გადაიფორმა და მკვლელობამდე საკუთარ ავტომობილში მალავდა.
“კურიერი” იმ პედიატრს ესაუბრა, რომელმაც წყვილი მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე ნახა და მათ 6 თვის შვილს სამედიცინო შემოწმება ჩაუტარა. ნინო კიკილაშვილმა დეტალურად გაიხსენა პაციენტთან შეხვედრის პერიოდი. ბავშვთა ექიმის თქმით, კლინიკაში მარიამ სოფრომაძის და მისი მეუღლისთვის საეჭვო არაფერი შეუმჩნევია.