ამბავი რომელიც წლების წინ მოხვდა.
ნონა: – რომ იცოდეთ, რამდენ ღამეს მაქვს ცხოვრება გამოტირებული…
ტრეფიკინგი თანამედროვეობის ერთ-ერთი საშინელი და ახალი დანაშაულებრივი ნაირსახეობაა და გულისხმობს სუსტი სქესის წარმომადგენელთა ათასგვარი ცრუ მაქინაციებით, საზღვარგარეთ მაღალანაზღაურებადი სამსახურის დაპირებებით გატყუებას, რეალურად კი მათი სექსუალური ექსპლუატირება ხდება.
ყოველდღიურად აღმოსავლეთ ევროპის, აზიის, აფრიკის, სამხრეთ ამერიკის ქვეყნებიდან 24000 ადამიანი ხდება ტრეფიკინგის მსხვერპლი. ამ კრიმინალური ქმედებების აღკვეთას ყოველთვის ხელს უშლის ერთი გარემოება: უკანასკნელ მომენტამდე პოტენციური მსხვერპლი თავის ილუზიებში იმყოფება და არ მიმართავს სამართალდამცავ ორგანოებს, ხოლო როცა ამის სურვილი უჩნდება, უკვე საკმაოდ გვიანია, ამის შესაძლებლობა დაკარგული აქვს, ან არ გააჩნია პიროვნების დამადასტურებელი საბუთი, რაც მის არალეგალურ ემიგრაციაზე მიუთითებს და პიროვნებას კონკრეტული ქვეყნის საზღვრების დატოვებით ემუქრება.
სამწუხაროა, მაგრამ ვერც ჩვენმა მრავალმა თანამემამულემ აიცილა სექსუალური მონობის მძიმე ხვედრი. საზღვრების გახსნის პირველ წლებში ამ მოვლენას ყბადაღებულ თურქეთში და საბერძნეთში გადააწყდნენ პირველად, მერე კი ტურიზმის განვითარებასთან ერთად გაფართოვდა ტრეფიკინგ არეალი.
ნონა ს. – 32 წლის ქალია. ამ ფორმულირებით ჩაწერა თვითონ გვთხოვა. რადგან თავის თავს გოგოს ვეღარ უწოდებს. მან სამი ხანგრძლივი წელი გაატარა არასანქცირებულ პატიმრობაში და რამდენიმე თვის წინ „ბეწვზე გადარჩენის” წყალობით მოახერხა სამშობლოში დაბრუნება. ნონა ამბობს, რომ მისთვის აღარ არსებობს ცნება – თავმოყვარეობა, აღარ აქვს რაღაც კონკრეტული მიზნები, ოცნებები. ახლახან ტელევიზიის პირველ არხზე დაწყებულმა ტრეფიკინგთან დაკავშირებული ვიდეორგოლების დემონსტრირებამ კვლავ გაახსენა გადატანილი კოშმარი და სხვაც რომ ამ საშინელ აბლაბუდის ქსელში არ გაეხვიოს, მხოლოდ ამიტომ დათანხმდა ინტერვიუს – მის ყველა შესაძლო გულწრფელი მომენტებთან ერთად.
მომღიმარი მენეჯერი
– ნონა, როგორ დაიწყო ეს თქვენი არასახარბიელო თავგადასავალი?
– შეიძლება დეტალები ვერ გავიხსენო. დაიწყო ჩვეულებრივ: ერთმა ქალბატონმა, რომელსაც შორიდან ვიცნობდი, საზღვარგარეთ სამსახური შემომთავაზა.
– რას ნიშნავს, შორიდან იცნობდით?
– მე ვმუშაობდი. მაგრამ დაბალი ხელფასი მქონდა, წელიწადში ორჯერ თუ ვახერხებდი მის აღებას. ეს ქალბატონი, მაია ერქვა, ჩვენთან შემოირბენდა ხოლმე ტელეფონზე დასარეკად. ყავა და ტკბილეულიც მოჰქონდა და ზოგჯერ გვიხდებოდა ერთად საუბარი. მე ვიცოდი, რომ მას გერმანიის მოქალაქეობა ჰქონდა და ბევრ აქაურ გოგოს ეხმარებოდა იქ სამსახურის დაწყებაში. ვიზების საკითხსაც თვითონ აგვარებდა – ცხადია, შესაბამისი ანაზღაურებით: ჯერ პასპორტი მასთან უნდა დარჩენილიყო და როცა ჩვენზე გაწეულ ხარჯებს დავფარავდით და მოგებად 500 დოლარს დავუტოვებდით, მერე აბსოლუტურად გასწორებულები ვიქნებოდით ერთმანეთთან. ეს დაახლოებით 2 თვეში მოხდებოდა.
– არანაირი ეჭვი არ გაგჩენიათ?
– ეჭვები მქონდა, მაგრამ სიხარულმა უფრო გადაფარა ეს შიშები. ჩემი ნათესაობაც გახარებული იყო, რომ როგორც იქნა შევხვდი „სანდო ადამიანს”, რომელიც დამეხმარებოდა საზღვარგარეთ გზის გაკვლევაში. თან კიდევ ერთი გოგო და ერთი ბიჭი მოყავდა სამუშაოდ. ამ უკანასკნელს ვითომ უხალისოდ დათანხმდა, რადგან ბიჭებს სახელი აქვთ გატეხილი: ნარკომანები ხდებიან და ფეხებზე იკიდებენ ვალსო. იქ ჩასვლისთანავე გამოვლინდა, რომ ეს ბიჭი მისი მოკავშირე იყო, უბრალოდ როლს თამაშობდა არიფის…
– რა სამსახურზე იყო საუბარი?
– ორნაირი შემოთავაზება იყო. მაია ამბობდა, რომ არსებობს ფირმა, რომელიც უზრუნველყოფს ტურისტთა კვებით მომსახურებას, ჩვენ კი რაღაც ოფიციანტების მსგავსი სამუშაოსთვის თვეში 2500 მარკას (მაშინ ჯერ არ იყო ევრო შემოსული) გადაგვიხდიდნენ. ან სახლში, ცხოველების, ბავშვების და ხანდაზმული ადამიანების მომვლელად, სადაც 1800 მარკაც კარგ ანაზღაურებად ითვლებოდა.
„არ დაივიწყო, ვისი გორის ხარ”
– როგორ გაგრძელდა ყველაფერი?
– მე და იმ გოგომ, დავარქმევ შორენას, მხოლოდ პასპორტები გავაკეთეთ. ვიზების და კონსულის ბეჭდის საკითხი შეთანხმებისამებრ მაიამ მოაგვარა. 1999 წლის აპრილში გავემგზავრეთ სტამბოლისკენ ოთხივე, საიდანაც დრეზდენში უნდა გადავფრენილიყავით. თურქეთში ერთი ღამე გავატარეთ, პრობლემების გარეშე ჩავედით გერმანიაში, საიდანაც აღმოსავლეთით, ჩეხეთის და პოლონეთის საზღვრისკენ პატარა ქალაქ შპრემბერგში ჩაგვიყვანეს ავტობუსით. ქ-ნმა მაიამ კერძო სახლში დაგვაბინავა ორი დღით და კატეგორიულად აგვიკრძალა ქუჩაში გამოსვლა. მხოლოდ ტელევიზორი იყო ჩვენი სამყაროს სარკე, ის ბიჭიც ჩვენთან იყო და ვითომ თავისი სამსახურის ვარიანტს ელოდა მაიასგან. ორი დღის შემდეგ მაია ვიღაც გერმანელ მამაკაცთან ერთად მოვიდა და თქვა: „არის ერთი გოგონას ადგილი რესტორანში, თავიდან 2300 მარკას გადაიხდიან! რომელს გინდათ?” შორენას თვალები წამოენთო, მამაკაცმაც ის აირჩია, მაიამ თავისი ტელეფონი ჩააწერინა და გააცილა ისინი. მეორე დღეს მეც „გამიღიმა ბედმა”. წამიყვანეს ქალაქგარეთ რაღაც მიწის ნაკვეთივით იყო, მაღალი ღობე, გაზონები, სათბურები, ორსართულიანი გრძელი ვილით. მითხრეს, რომ ეს არის სასტუმრო, რომლის რესტორანშიც უნდა მემუშავა. აქ გამოვლინდა ყველაფერი. იმ ბიჭმა ბადრიმ ცალკე ოთახში გამიხმო და რაღაც საშინლად ცინიკური სახით მითხრა: „პატრონებს მოეწონე, აბა შენ იცი, არ შეგვარცხვინო, არ დაივიწყო, ვისი გორისა ხარ!” და თეძოზე უცნაურად შემეხო. გული ამიჩქარდა, მივხვდი რაღაც ცუდი ხდებოდა ჩემს თავს; „რას მეუბნები, ამიხსენი!” – ვთხოვე ბადრის. მან სიგარეტის კვამლი შემომაბოლა და მითხრა: „გაყიდული ხარ!” ასე აღმოვჩნდი არაადამიანი ცოლ-ქმრის ჰანას და კლაუსის სახლში.
გარყვნილი კოშმარის 1095 დღე
– რამდენად გაგყიდეს?
– მე მითხრეს, რომ 6 ათას მარკად. შეიძლება უფრო ნაკლებიც გადაიხადეს.
– რა ხდებოდა ამ „არაადამიანების” სახლში?
– ყოველგვარი გარყვნილება და ისეთი კოშმარები, რაც წარმოსადგენადაც ძნელია.
– როგორ დაიწყო თქვენთვის ეს კოშმარი?
– ჯერ სახლზე ვიტყვი: ამ ცოლ-ქმარს ჯერ კიდევ დემოკრატიული გერმანიის პერიოდიდან ჰქონდა მოწყობილი ორი დიდი სათბური, სადაც ორანჟერეა ჰქონდათ გაშენებული და ვითომ ყვავილებს აშენებდნენ. სინამდვილეში ამ სახლში 11 ტყვე ქალი მოღვაწეობდა. იყვნენ რუსები ერთი მოლდაველი, უკრაინელი, ალბანელები, უზბეკიც კი ჰყავდათ. ცოლ-ქმარს არალეგალური ბორდელი ჰქონდა მოწყობილი და თვითონაც ერთვებოდნენ ამ საშინელ ვაკხანალიებში. ჰყავდათ ძაღლები და დაცვა: იქაური ბიჭები, სასტიკი ხალხი იყო.
მე თავიდანვე ცალკე მომათავსეს, გარედან ჩაკეტილი ვიყავი, მხოლოდ ერთი საწოლი იდგა და ტუალეტში გასვლისათვის უნდა დამეკაკუნებინა. ცოლ-ქმარმა თვითონ მომართვეს ვახშამი და გამიღიმეს. მე უარი ვთქვი მის მიღებაზე. მერე კლაუსმა მკითხა რაღაც დამტვრეული რუსულით: „Секс лубиш”? სახე გავაქნიე და ხელი ავკარი. სახეში ძლიერი დარტყმა ვიგრძენი, იატაკზე დავეცი, იმ დამპალმა ქალმაც წიხლი ჩამაზილა: „შაიზე!” თმებით წამათრიეს დიდ ოთახში, სადაც ერთ დაძახებაზე შეიკრიბა 11-ვე ქალი. ერთრიგად ჩამწკრივდნენ. თავი სიზმარში მეგონა, ანჟელიკას ფილმები გამახსენდა, მაგრამ ვიღაცის წამოძახილმა გამომაფხიზლა: „Эй, ты откуда?” “Из грузии”, – ვუპასუხე ჩემსკენ მომზირალ მორუსო ტიპაჟის ქერათმიანს. “Так вот: хочешь жить, не суетись, не-то кранты завяжут”! – გამაფრთხილა ქალმა. დავაკვირდი მათ სახეებს და მივხვდი, ეს იყო ჩემი მომავალი, ჩემი „სანატრელი” სამუშაო. მათ თვალებში სრულ დეგრადაციას ვხედავდი, მრავალი მათგანი უკვე ჩამოყალიბებული ნარკომანი იყო.
– თქვენც ხომ არ „შეგსვეს“ წამალზე?
– მეორე დღესვე კლაუსი მარტო შემოვიდა. საჭმელი რომ ხელუხლებელი დაინახა, მანიშნა ხელი გამომიწოდეო, ფსიქოლოგიურად უკვე მოტეხილი ვიყავი, ერთი ალიყური აღმოჩნდა ხელის გაწვდისათვის საკმარისი. სწორედ მაშინ დამეუფლა ეს ცხოველი პირველად. მან არ იცოდა, რომ ქალიშვილი ვიყავი და…
– გააგრძელეთ, ნუ გერიდებათ…
– ჩემი უმანკოების სისხლის დანახვისას საზიზღარი ღიმილით ყვიროდა: „გუდ, გუდ ფროილაინ…”
– როგორ ხდებოდა თქვენი კლიენტებზე გადაცემა?
– ჩვეულებრივ. თუ შეეწინააღმდეგებოდი, მოგხვდებოდა ისე, რომ ერთი კვირა ფეხზე ვერ დადგებოდი. თუ მორჩილად გაჰყვებოდი, ყველაფერი წესრიგში იქნებოდა.
– ფულს არ გიყოფდნენ?
– არანაირი ფული. ჰიგიენის და პარფიუმერულ ნივთებს თვითონ ყიდულობდნენ. გარეთ ცხვირს არ გვაყოფინებდნენ, ღობესთან ახლო მისვლა გვეკრძალებოდა.
ავხორცობის მუდმივ მზადყოფნაში
– ვიცი, რომ დასავლელი კლიენტები უფრო უცნაურობებით და არაჩვეულებრივი მოთხოვნებით გამოირჩევიან. როგორ ახერხებდით მათ დაკმაყოფილებას?
– დიახ, მართალი ბრძანდებით. მთავარი რაც იყო – მიზანი და ცხოვრების წყურვილი, უკვე დაკარგული მქონდა და მაგას ვჩიოდი. მაგის მოხერხება კი იქ მყოფი გოგოებისგან სწავლით ადვილად შეიძლებოდა.
– ე.ი. ჯგუფური სექსიც მიღებული იყო?
– თავისთავად ცხადია. თითქმის ყოველი ფიესტის ან რაიმე დღის აღსანიშნავად ეწყობოდა მთვრალი ღრეობები. გოგოები უკვე ისე იყვნენ სასმელით და ნარკოტიკებით გაბრუებულნი, თვითონვე ზედ ახტებოდნენ ყველას და რას სჩადიოდნენ, აღარ იცოდნენ. ისინი ასე ცდილობდნენ დეპრესიის ჩაქრობას. ჩვენ გვეკრძალებოდა გარკვეულ საათებში ჩვეულებრივად ჩაცმულებს სიარული. გვეცვა სპეციალურად მკერდმოშიშვლებული ბლუზები და წინ და უკან ამოჭრილი ერთგვარი წინსაფარი ქვედაბოლო, საიდანაც შიშველი ინტიმური ნაწილები მთლიანად მოჩანდა. ვისაც რა მოუნდებოდა და როცა მოუნდებოდა, უნდა შეგესრულებინა. რომ იცოდეთ, რამდენ ღამეს მაქვს ცხოვრება გამოტირებული, ყველაფრის იმედი დავკარგე. აღარ მსურს ამაზე ვისაუბრო.
ნონას განსაცდელში ჩავარდნაზე ეჭვი პირველად მისმა დამ შეიტანა, როცა დეიდამ მაისის თხუთმეტ რიცხვში დიშვილს არ გადმოურეკა და სამი წლის იუბილე არ მიულოცა. ჯერ ნონას ყოფილ სამსახურს მიაკითხა და დაიწყო ქ-ნი მაიას შესახებ ცნობების შეგროვება. ფიზიკური პორტრეტის შექმნის გარდა ვერაფერი მოახერხა. მაია მხოლოდ ნონასთან ახლობლობდა და საზღვარგარეთ წასვლის შემდეგ არავის ენახა. შემდეგ ინტერპოლის ხაზით შეეცადა საქმის მკვდარი წერტილიდან დაძვრას. მხოლოდ იმის გარკვევა მოხერხდა, რომ სტამბოლის აეროპორტში ნონა ს. ნამდვილად ჩაჯდა დრეზდენის რეისის თვითმფრინავში. შემდეგ მისი კვალი ქრებოდა. შეიქმნა გერმანიაში სხვა გვარით ჩაბარების ვერსია, თუმცა ეს ჰიპოთეზა მალე გამოირიცხა. იგი დარეკავდა მაინც! ნათესავები და მშობლები სამი წლის განმავლობაში ყოველ წუთს რაღაც საზარელი ცნობის მოლოდინში იყვნენ.
– ნონა, სამი წლის განმავლობაში ავად თუ გამხდარხართ?
– რა თქმა უნდა, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ მათ ჰყავდათ კერძო ექიმი და გინეკოლოგიც, რომელიც რეგულარულად გვამოწმებდა. ალბათ, მხოლოდ ეს არის ჩემს ისტორიაში დადებითი, რომ შიდსით ან სხვა რამით დაავადებული არ ვარ. მაგრამ ვერ დავმალავ, რომ ახლაც მჭირდება მუდმივი ფსიქოლოგიური დახმარება. მიჭირს საზოგადოებაში ყოფნა. მგონია ყველამ იცის ჩემი საზიზღარი ცხოვრების შესახებ, მამაკაცებს ვეღარ ვიტან.
– იმ შორენას შესახებ რა იცით?
– იცით, მაია ჯერ არ დაუკავებიათ, არც ბადრი, ამიტომ მიჭირს მის შესახებ რაიმე კონკრეტულის თქმა, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ისიც არანაკლებ საშინელ დღეში იმყოფება. იმედი მაქვს ცოცხალია!
– ამ ხნის განმავლობაში არც ერთი გულშემატკივარი ან თანამემამულე არ შეგხვედრიათ?
– ერთხელ იყო ვიღაც შემოვლით, მგონი ქარელიდან იყო, ერქვა ნუგზარი. ვთხოვე, როგორმე ხმა მიეწვდინა ჩვენებისთვის ჩემს შესახებ. მაგრამ როგორც შემდეგ გავიგე, არ გაუკეთებია. პრინციპში მასზე დიდ იმედებს არც ვამყარებდი. ტეტია უგულო და უჯიშო ვინმე იყო, თანაც არალეგალური ნარკომანი. რუსთან ერთად შევიდა ნომერში და მის გარდა არაფერი აღარ აინტერსებდა.
– ბოლოს მაინც როგორ მოახერხეთ თავის დაღწევა?
– ასე ვთქვათ, ჩვენი სახლიდან ერთ-ერთი გოგონა სხვა ბორდელში გადაყიდეს, რომელშიც შეგზავნილი იყო გადაცმული პოლიციელი. ჯერ ის ბორდელი აიყვანეს, მეორე დღესვე ჩვენი საროსკიპო დაშალეს. არალეგალურ მოქალაქეთა იძულებითი პატიმრობისთვის სახლის მფლობელები და დაცვის ბიჭები დააპატიმრეს. ბედმა, თუ შეიძლება ითქვას, გამიღიმა, რომ ჩემი პასპორტი განადგურებული არ აღმოჩნდა და სწრაფად მოხდა ჩემი იდენტიფიკაცია, შემდეგ კი დეპორტაცია.
– როგორ ფიქრობთ, მოახერხებთ ოდესმე ამ სამი წლის დავიწყებას?
– ალბათ ვერასდროს ვერ მოვახერხებ, თუმცა კი ძალიან მინდა. მადლობა ღმერთს, ირგვლივ თბილი ხალხი მყავს, რომლებიც მეხმარებიან. სულიერი ტკივილის დაძლევაში.
– მე კი გისურვებთ, კვლავ დაგბრუნებოდეთ ოცნებები, მიზნები, მერე კი აუცილებლად აგხდენოდეთ და გაგეგოთ ცხოვრებაში გამარჯვებული ადამიანის განცდა!
– დიდი მადლობა – თქვენც წარმატებებს გისურვებთ.
აი ასე დამთავრდა ჩვენი საუბარი ადამიანთან, რომელმაც ე.წ. ცივილიზებული სამყაროს მედლის მეორე მხარე – გოლგოთა გამოიარა და რომელთა მსგავსი ვინ იცის, კიდევ რამდენნი არიან! მაიას და ბადრის მსგავსნი თანამედროვე მონათავაჭრები ჯერ კიდევ თავისუფლად დაიარებიან და ამიტომ სავსებით ლოგიკურად გვეჩვენება შეგახსენოთ ერთი მამაპაპური გამონათქვამი: „ასჯერ გაზომეთ და ერთხელ მოჭერით!”