ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს უახლოესი მატჩისთვის კვლავ ინდივიდუალური პროგრამით ემზადება.
„ნაპოლიმ“ „მონცასთან“ გასამართ შეხვედრისთვის KONAMI-ს საწვრთნელ ბაზაზე მორიგი ვარჯიში ჩაატარა, ხვიჩამ კი კვლავ გუნდისგან განმარტოებით ივარჯიშა. ამის შესახებ „ნაპოლი“ წერს:
„გუნდმა „მონცასთან“ მატჩამდე მორიგი სავარჯიშო სესია მეორე მოედანზე ჩაატარა და ყურადღება აქტიურობასა, ბურთის ფლობაზე და პოზიციურ თამაშებზე იყო გამახვილებული. ამის შემდეგ, გუნდმა როგორც ტექნიკური, ისე ტაქტიკური სამუშაოები ჩაატარა და ფინალური მატჩიც გამართა. ხვიჩა კვარაცხელია მოედანზე კვლავ ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობდა.
ამასთან, ნგონემ სავარჯიშო სესია მარცხენა ბარძაყის კუნთის დაზიანების გამო ნაადრევად დატოვა.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ კუნთის ტრავმა საქართველოსა და საბერძნეთის მატჩში მიიღო, რომელშიც ვილი სანიოლის გუნდმა პენალტების სერიაში, 4:2 გაიმარჯვა და ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა.ტრავმის გამო ქართველმა ფეხბურთელმა სერია A-ს გასული ტური გამოტოვა, რომელშიც „ნაპოლი“ საკუთარ მოედანზე „ატალანტას“ დაუპირისპირდა და 0:3 დამარცხდა. „მონცას“ და „ნაპოლის“ შეხვედრა 7 აპრილს, საქართველოს დროით 17:00 საათზე გაიმართება.