ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ დავიწყე მუშაობა, სადაც გავიცანი ერთი პიროვნება. თუმცა, თავიდან მეგონა, რომ მასთან მხოლოდ სამსახურებრივი ურთიერთობები მაკავშირებდა, მაგრამ რამდენიმე ხანში ჩვენს შორის გარკვეული გრძნობა გაჩნდა. ის ჩემზე საკმაოდ უფროსი იყო. ცხადია ოჯახიც ჰყავდა. ჩვენ ერთმანეთს ვხვდებოდით. მაშინ სიყვარულის მორევში ჩაძირულს თითქმის არ მესმოდა რას ვაკეთებდი და ერთ დღესაც ფეხმძიმედ აღმოვჩნდი. პირველი, ვისაც ამის შესახებ გავანდე, თვითონ ის იყო და პასუხიც მაშინვე მივიღე: – ისე მოვქცეულიყავი, როგორც მინდოდა. დავრჩი მარტო. წამებაში გავლიე ორი თვე და რაკი ვიცოდი, რომ მერე მუცელიც დამეტყობოდა, გადავწყვიტე ყველაფერი დედისთვის მეამბნა.
ქალაქ ………დან გწერთ. თუკი დაბეჭდვის სურვილი გაგიჩნდეთ. ძალიან გთხოვთ, ქალაქს ნუ მიუთითებთ. ჩემი ოჯახი …ში დიდი ავტორიტეტით სარგებლობს. მართლა მთელი ქალაქი გვიცნობს და რადგან ჩემგან ამ გზით გაჩენილი ბავშვი მათთვის დასამარების ტოლი იქნებოდა, უბრალოდ სხვა გადაწყვეტილებაზე არც უფიქრიათ, და მეორე დილითვე ქალაქის ერთ-ერთი გარეუბნის სამშობიაროში ჩუმად გამიკეთდა აბორტი. ჩემი ერთი სიცოცხლეც მაშინ დასრულდა.
ამის შემდეგ გავიდა წლები. მეგონა, რომ ის მამაკაცი ჩემს ცხოვრებაში პირველი და უკანასკნელი იყო. გეფიცებით, სხვასთან მართლა არავისთან ვყოფილვარ. ერთ დღეს კი ჩემმა თანამშრომელმა გოგონამ (მე ამ ამბის შემდეგ სამსახურიც შევიცვალე) მითხრა: „ანიკო, მე შენ ძალიან მიყვარხარ. ჩემს ახლობლად გთვლი. მინდა ბედნიერი ოჯახი შექმნა და თუ წინააღმდეგი არ იქნები, ჩემს ნათესავს გაგაცნობ…“
თითქოს თავიდან დავიბადე. ამის გამგონე უარს როგორ ვეტყოდი – და ცხადია დავთანხმდი. მან ჩვენ ერთმანეთი გაგვაცნო და როცა რამდენიმე შეხვედრის შემდეგ საქმე ოჯახების გაცნობაზე მიდგა და ამ გოგონამ მითხრა: „ანიკო“. შენი ნიშნობა აქვთ გადაწყვეტილი და ამა და ამ დღეს ოჯახში მოვლენო, სიმწრისგან ლამის ცრემლები წამომცვივდა. ცხადია, ჩემი წარსულის შესახებ არავინ არაფერი იცოდა, ან ვის რას ვეტყოდი. საშველად ისევ დედას მივმართე. ჩვენ თბილისში ჩამოვედით და ერთ-ერთი ახლობლის დახმარებით გამიკეთდა საქალწულე აპკის აღდგენითი ოპერაცია – მუდმივობის სრული, 100%-იანი გარანტიით. ეს პრობლემაც მოვაწესრიგე და ის იყო შვებით უნდა ამომესუნთქა, ბედის ირონიით საქმე ჩაიშალა და აღარ გავთხოვდი; მიზეზი? ვერ გეტყვით, ამ ოპერაციის შემდეგ დედაჩემს თავისი შვილი უკეთესი მოეჩვენა თუ რა იყო. ის ყმაწვილი ჩემთვის აღარ ისურვა და მეც ამიკრძალა მასზე გათხოვება. მეგობარიც დავკარგე. დღემდე ვერ აუხსნია, რატომ ვთქვით უარი. ამ ამბის შემდეგ ორი წელი გავიდა.
არც ვიცი რა გკითხოთ, ან რა რჩევა გთხოვოთ. მალე საკანდიდატო დისერტაციას დავიცავ. ერთი შეხედვით, თითქოს სიხარულისგან უნდა ვფრინავდე. ჩემს გულს კი საერთოდ აღარაფერი არ უხარია. თუკი წერილს გამოაქვეყნებთ, იქნებ მინაწერის სახით რაღაც მითხრათ. წინასწარ გიხდით დიდ მადლობას გულისხმიერებისათვის.
პატივისცემით „ანიკო“, 31 წლის
– ძვირფასო ანიკო, სამწუხაროა, მაგრამ თქვენ სიყვარულში ვერ დაგიცვიათ დისერტაცია და ქართული ტრადიციული ოჯახის აღზრდის თავისებურებების გამოისობით სრულიად დაბნეულხართ ჩვეულებრივ ყოფით სიტუაციაში. რადგან ცოლიანი მამაკაცი შეიყვარეთ, ყველაფრისათვის მზადყოფნა გმართებდათ და თუ ქალწულობა დაკარგეთ, ეს არ ნიშნავდა, რომ ხართ „მეორეხარისხოვანი“ ქალი – ყოველ შემთხვევაში შეგნებული ადამიანისათვის საქალწულე აპკი არ გახლავთ ადამიანის პატიოსნების განმსაზღვრელი მთავარი კრიტერიუმი. პრინციპში არც სიცრუით ქმრობის კანდიდატის „დათრევაა“ მოსაწონი, მაგრამ თქვენს უმთავრეს შეცდომას (აბორტს და მის რელიგიურ შეფასებას რომ თავი დავანებოთ) პიროვნული პასიურობა და ინფანტილურობა წარმოადგენს, რაც დედის რეკომენდაციებისა და „ბრძანებების“ უპირობოდ შესრულებაში გამოიხატა. შეეცადეთ თავი გაითავისუფლოთ ამ „მემკვიდრეობისაგან“. გახდით დამოუკიდებელი, საკუთარი მიმზიდველობის თავდაჯერებით ყველა პრობლემა თავისით გაქრება. არაქალიშვილობა კი გარკვეულწილად საამაყო მომენტია – მახინჯ და ავი ხასიათის ქალს ვინ გაეკარება. მითუმეტეს ინტიმისათვის! გისურვებთ ბედნიერებას.