გოგონამ უცხო გარეგნობით მაყურებლის ყურადღება ეკრანზე გამოჩენისთანავე მიიქცია. ანასტასია ჯეირათი ინტერნაციონალური ოჯახიდან გახლავთ, დედა – ქართველია, მამა – ინდოელი. ბავშვობა მამის სამშობლოში გაატარა და საქართველოში საცხოვრებლად მეოთხე კლასიდან ჩამოვიდა.
მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მხოლოდ 22 წლის არის და პროფესიით ფსიქოლოგია, ის უკვე გადაიღეს სერიალში “სტუმარი”, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელზე გავიდა. ახლა „რუსთავი 2“-ზე დილის გადაცემის ერთ-ერთი წამყვანია. ასევე გაფორმებული აქვს სამოდელო კონტრაქტი რამდენიმე უცხოურ სააგენტოსთან.
უყვარს მოგზაურობა, ფოტოგრაფია, ცეკვა და ყველაფერი ის, რაც მის ცხოვრებას უფრო შთამბეჭდავს და საინტერესოს გახდის…
– ჩემი მშობლები ინდოეთში ცხოვრობდნენ, მე თბილისში დავიბადე, რელიგიით ქრისტიანი ვარ. მყავს უმცროსი ძმა, ანდრია, 17 წლის. მესამე კლასამდე ბაღშიც და სკოლაშიც ინდოეთში დავდიოდი, მეოთხე კლასში უკვე საქართველოში ვსწავლობდი. თუმცა, ზაფხულობით და ახალ წლებზე სულ თბილისში მოვდიოდით. რომ ჩამოვიდოდი, ბებოს უკვე მოძიებული ჰყავდა მასწავლებლები, რომ ქართულ სკოლას და პროგრამას არ ჩამოვრჩენოდი. ასევე ბავშვობიდან დავდიოდი ქართულ ცეკვაზე, თეა დარჩიამ შემაყვარა ქართული ცეკვა.
ახლაც ხშირად მივდივართ ოჯახი ინდოეთში, ბებია-ბაბუას, ნათესავების სანახავად. ძალიან ახლო ურთიერთობა მაქვს მათთან და ძალიან მიყვარს ყველა. მამიდაშვილები ჩემი ასაკის არიან და ძალიან ვმეგობრობთ. წელსაც ვიყავით დეკემბერში, ახალ წელს იქ შევხვდით. სხვადასხვა შტატში ვიმოგზაურეთ და დავათვალიერეთ მამას მეგობრებთან ერთად. განსაკუთრებულად მიყვარს ინდოეთი, საოცარი ქვეყანაა თავისი კულტურით.
– რით იყო გამორჩეული ინდოეთში ცხოვრების პერიოდი და თუ იყო რაიმე სახის დისკომფორტი შენთვის?
– საქართველო და ინდოეთი კულტურულად ძალიან განსხვავებული ქვეყნებია, მაგრამ ამავდროულად საერთოც ბევრი აქვთ. თუმცა, ამის გამო დისკომფორტი არასოდეს შემქმნია – პირიქით ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ორ ასეთ კულტურასთან მაქვს მჭიდრო კონტაქტი. ჩემი ცხოვრება ძალიან საინტერესო გახადა ამ ფაქტმა. აქ რომ გადმოვედით საცხოვრებლად, ყველას ძალიან უკვირდა ჩემი გვარი და შემდეგ ინტერესსაც გამოხატავდნენ, მე ძალიან პატარა ვიყავი და დედას ვეკითხებოდი, თუ რანაირად ხვდებოდნენ, რომ გვარი არ იყო ქართული (იცინის).
– მშობლებმა სად გაიცნეს ერთმანეთი?
– დედა და მამა პროფესიით ექიმები არიან, სტომატოლოგები. ერთმანეთი წლების წინ მოსკოვში გაიცნეს, ორივე იქ სწავლობდა სამედიცინოზე.
– ქართველები ინდურ კულტურას ძირითადად სერიალებიდან და ფილმებიდან ვიცნობთ. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ამ ქვეყანაში სულ დღესასწაულია.
– კი, ასეა, ხალხიც ძალიან თბილია, უამრავი ტრადიცია და დღესასწაული აქვთ, ამით ძალიან გამოირჩევა ეს ქვეყანა. ასევე თავისი კერძებით, ფერებით, საჩუქრებით, ერთმანეთთან სტუმრობით. ხშირად აღნიშნავენ დღესასწაულებს, განსაკუთრებულად რელიგიური ადამიანები, მაგრამ დივალისა და ჰოლის დღესასწაულს, რომელიც საქართველოშიც ცნობილია, ყველა აღნიშნავს. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ჩავდივართ, მაინც ყოველ ჯერზე ისე ვგრძნობ თავს, თითქოს პირველად ჩავედი, უზომოდ საინტერესო და უცხო ქვეყანაა. საქართველოში, სერიალებიდანაც ბევრი იცნობს ინდოეთს, მაგრამ ეს ყველაფერი ძალიან გადაჭარბებულად არის ნაჩვენები (იცინის).
– ინდოელი ბებია-ბაბუები თუ განსხვავდებიან ქართველისგან.
– ღირებულებები და შეხედულებები ძირითადად ერთნაირი აქვთ. ასეა დედას და მამას შორისაც.
– იქაც ასე კარგად გვიცნობენ ქართველებს, როგორც ჩვენ ვიცნობთ?
– ინდოეთშიც იციან საქართველოს შესახებ, მაგრამ მე ინტერნაციონალურ სკოლაში ვსწავლობდი. ჩემს კლასში იყვნენ პოლონელი, იტალიელი მოსწავლეები, ასევე აზიის ქვეყნებიდან. მხოლოდ ხუთი ბავშვი იყო ინდოელი ჩემს კლასში. ამის გამო, სკოლაში კულტურულად დიდი სხვაობა არ იგრძნობოდა.
– თქვენში რა არის უფრო ინდური და ქართული?
– ინდოელები განსხვავდებიან თავიანთი ლოიალობით და სირთულეების მარტივად გადაწყვეტით, ქართველები უფრო მეტად ემოციურები ვართ (იცინის). ხასიათით არ ვიცი, რომელი უფრო ვარ, ეს ალბათ, სხვამ უნდა შეაფასოს.
– მამა როგორ შეეჩვია საქართველოში ცხოვრებას?
– თავიდან რთული იყო მისთვისაც, ისევე როგორც დედასთვის ინდოეთში ცხოვრება, მაგრამ ორივე შეეგუა. ახლა მამა უკვე დიდი ხანია აქ ცხოვრობს და მუშაობს, შესაბამისად უცხოდ აღარ გრძნობს თავს, ამაში დიდი წვლილი მისმა კოლეგებმა, ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა შეიტანეს, რაც ძალიან დასაფასებელია.
– ანასტასია, პროფესიით ვინ ხარ?
– ერთი კვირაა უნივერსიტეტი, ფსიქოლოგიის ფაკულტეტი დავამთავრე. საინტერესო იყო ფსიქოლოგიის სწავლა და ძალიან კმაყოფილი ვარ ამ გადაწყვეტილებით. მაგისტრატურაზე წასვლას ვგეგმავ და სწავლის გაგრძელებას უცხოეთში.
– პოპულარობა როდის მოვიდა?
– (იცინის) არ ვფიქრობ ეგრე, ასე ვერ აღვიქვამ საკუთარ თავს, ზოგი ტელევიზიიდან მიცნობს, ზოგიც სერიალიდან, ზოგი როგორც მოდელი. ცოტა ხნის წინ, კიდევ ერთ ფილმში გადამიღეს, რომელიც ინდოეთში და ამერიკაში გავა. ის ფაქტი, რომ ინდოეთში შეძლებენ ჩემი ნათესავები უყურონ ჩემი მონაწილეობით ფილმს, ძალიან მახარებს. სამოდელო და სამსახიობო სფერო ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. დედამ შემიყვანა „ლუქ მოდელსში“, მისი იდეა იყო სააგენტოში მისვლა. ახლაც აქტიურად ვარ ჩართული გადაღებებში, უნივერსიტეტიც ხელს აღარ მიშლის.
ახლახან ვიყავი წასული იტალიაში როგორც მოდელი და თვენახევარი იქ ვიცხოვრე. ასეთი სააგენტოა „ნექსთი“ მათთან მაქვს ხელშეკრულება გაფორმებული. ასევე ინდურ და გერმანულ სააგენტოებთან ვთანამშრომლობ. განსაკუთრებულად ველოდები ინდოეთში ჩასვლას და იქაურ გადაღებებს. აქამდე უნივერსიტეტის გამო ბევრს ვერ ვმოგზაურობდი და ამის გამო რაღაცები გადავდე.
– ტელევიზიაში როგორ მოხვდი?
– თავიდან ეიჩარად ვმუშაობდი „რუსთავი 2“-ზე, მაშინ პირველ კურსზე ვიყავი და სტაჟირების გავლა მინდოდა, დედას უახლოესი მეგობარი დამეხმარა და ძალიან ხელს მიწყობდა სწავლა შემეთავსებინა. ერთ დღეს დილის გადაცემის პროდიუსერმა, ლიკამ დამირეკა, რომ გავსაუბრებოდი, გავიარე ჟურნალისტიკის სტაჟირება და ასე აღმოვჩნდი დილის გადაცემაზე „დილა მშვიდობისა საქართველო“. უზომოდ მადლიერი ვარ ყველა იმ ადამიანის, ვინც წვლილი შეიტანა ჩემს კარიერაში, რომ პირველი ნაბიჯები გადამედგა და საკუთარი თავი სხვადასხვა სფეროში მეცადა. ძალიან გამიმართლა, რომ სწორ დროს სწორი ადამიანები მხვდებიან ცხოვრებაში და გვერდში მიდგანან.
– იმდენ სფეროში ხართ, რომ ვფიქრობ, ჯერ კიდევ ძიების პროცესში ხართ?
– დიახ ძიების პროცესში ვარ , 22 წლის ვარ და ზოგი მეუბნება რომ ჯობია ერთ მიმართულებას გავყვე, თუმცა ვფიქრობ ჯერ მაქვს იმის დრო და საშუალება, ბევრი რამე მოვსინჯო, რადგან ერთმანეთს ხელს არ უშლის – პირიქით ეხმარება. ახლა უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ უფრო მეტი საშუალება მაქვს ის გეგმები გავაგრძელო, რასაც ვერ ვახორციელებდი. მაგალითად, ძალიან მიყვარს ფოტოგრაფია და მინდა უფრო მეტი დრო დავუთმო მას, ასევე ვსწავლობ ენებს. არ გამოვრიცხავ სხვა პროფესიაც რომ ვცადო ცოტა ხანში, ამას უკვე ალბათ დრო მიჩვენებს. ორი ქვეყნის არსებობას, ჩემს ცხოვრებაში მეტი ფერი შემოაქვს.