„საქართველოს დამსახურებული პედაგოგი“, ღირსების მედლის მფლობელი მუსიკოსი დოდო ცინცაძე გარდაიცვალა.
სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედი“ ავრცელებს.
ქალბატონი დოდოს გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმიანება საოპერო მომღერალი ნინო სურგულაძე.
„ყოველთვის მიჭირს შევეგუო კარგი ადამიანის წასვლას ამ ქვეყნიდან. ქალბატონი დოდო ცინცაძე გარდაიცვალა. საოცარი პედაგოგი, მუსიკოსი და პიროვნება.
არასოდეს არ დამავიწყდება მასთან სახლში ჩვენი ფორტეპიანოს გაკვეთილები, მიუხედავად იმისა რომ ათწლედში არ ვსწავლობდი, მასთან მქონდა პატივი ერთი პერიოდი მემეცადინა. იგი ყოველთვის ღიმილიანი მხვდებოდა და ყოველთვის მგულშემატკივრობდა ისევე, როგორც მის მიერ აღზრდილ ძალიან ბევრ მუსიკოსსა და ახალგაზრდას. ასეთი ადამიანები არ უნდა მიდიოდნენ. მადლობა ღვაწლისთვის და ადამიანობისთვის!ვიზიარებ ქალბატონი დოდოს ოჯახის და ყველა მისი ახლობლის მწუხარებას. ღმერთმა გაანათლოს მისი უკვდავი სული“,-წერს ნინო სურგულაძე.