კომერციული ბანკების მომხმარებლებს თაღლითური შინაარსის შეტყობინებები ეგზავნებათ.
მოქალაქეებისთვის გაგზავნილ მესიჯში წერია, რომ მას ანგარიშზე დაერიცხა პლუს ან ბონუს ქულები, რომლის მისაღებადაც კონკრეტულ ვებ-გვერდზე გადასვლას სთხოვენ. გარდა იმისა, რომ მითითებული ლინკი ერთი შეხედვითაც საეჭვოა, შეტყობინება საქართველოში მოქმედი მობილური ოპერატორების ნომრებიდან იგზავნება, მასთან დაკავშირება კი შეუძლებელია.
როგორც კიბერუსაფრთხოების ექსპერტები გვაფრთხილებენ, ბმულზე გადასვლის შემთხვევაში, არის მაღალი რისკი, რომ მომხმარებლის პირადი საბანკო ინფორმაცია თაღლითებმა მოიპოვონ და მის კუთვნილ თანხას დაეუფლონ.
ცნობისთვის, შსს-ს ინფორმაციით, 2023 წელს კიბერდანაშაულის გამოვლენის მაჩვენებელი 7,3 %-ით გაიზარდა.