არ მიყვარს ჩემზე ლაპარაკიო და კარგა ხანს თავს იკავებდა ინტერვიუზე, თუმცა ამ ფორმატზე მაინც დაგვთანხმდა. წლების წინ ვერც წარმოიდგენდა, რომ აქტიურ პოლიტიკაში იქნებოდა ჩართული, მეტიც, უცხო ქვეყნის პოლიციის რეფორმის გატარებას თუ მიანდობდნენ. ყველაზე მეტად პოლიტიკოსში გულწრფელობას ვაფასებო, – ამბობს და წუხს, რომ ასეთი ბევრი არ გვყავს. პანდემიის გადამკიდე, ლამის ყოველდღე იტესტება და როგორც კი საშიშროება გადაივლის, მონატრებული ყველას ჩაეხუტება. ambebi.ge-ს საკუთარ თავზე უამბობს პოლიტიკოსი, საქართველოს განათლების ყოფილი მინისტრი და პოლიციის აკადემიის ყოფილი ხელმძღვანელი, ასევე უკრაინის ეროვნული პოლიციის ექსუფროსი ხატია დეკანოიძე:
ბავშვობიდან – პოლიტიკაში მოსვლამდე
– ჩვეულებრივი ბავშვი ვიყავი, არაფრით გამორჩეული. კარგად ვსწავლობდი, ხალისიანი ბავშვობა მქონდა, ბებია-ბაბუასთან ვატარებდი დიდ დროს და ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია. თბილისში, საბურთალოზე გავიზარდე. მერე იყო სტუდენტობა, საკმაოდ რთული ეტაპი… რა ვიცი, როგორც ყველა, ისე ცხოვრობდა ჩვენი ოჯახი. 1994 წელს ჩავირიცხე ჯავახიშვილში, საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტზე და წითელ დიპლომზე დავამთავრე. მერე იყო “ვარდების რევოლუცია”… სახელმწიფო სამსახურში, სხვადასხვა თანამდებობებზე ვიმუშავე, მათ შორის – აღმასრულებელ ორგანოში, მთავრობაშიც… არავინ არაფერში დამხმარებია გარდა იმისა, რომ მთელი ცხოვრება მშობლების თანადგომა მქონდა. გამორჩეული მშობლები მყავს, მათთვის ყოველთვის მთავარი ის იყო, რომ კარგი განათლება მიგვეღო, გვეშრომა, პასუხისმგებლობა გვქონოდა, შეცდომებსა და გამოწვევებს გავმკლავებოდით. ვფიქრობ, მათ ეს მისია შეასრულეს…
ადრე ალბათ ვერც წარმოვიდგენდი აქტიურ პოლიტიკაში რომ ვიქნებოდი, იქ დამენახა ჩემი თავი. ძალიან ბევრ ქვეყანაში ვიმუშავე, საერთაშორისო პროექტებშიც ვმონაწილეობდი… აქტიურ პოლიტიკაში მაშინ ჩავერთე, როცა მოლდოვადან ჩამოვედი და 2018 წელს გავხდი ენმ-ს პოლიტიკური საბჭოს წევრი. ჩემი სურვილი იყო გარკვეული წვლილი შემეტანა იმ ბრძოლაში, რასაც ამ ქვეყნისთვის ბრძოლა ჰქვია. ჩვენ ხომ ყველა ჩვენებურად ვიბრძვით, გვიყვარს ჩვენი სამშობლო, ვიბრძვით ჩვენი მომავლისთვის.. მე პირადად, რაც მამოძრავებს ის არის, რომ ჩვენს ქვეყანაში სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულელების მიხედვით საზოგადოების დაყოფა და მტრობა დასრულდეს, იყოს კანონის უზენაესობა, სამართლიანი სასამართლო, განვითარება, კეთილდღეობა… ეს მამოძრავებს და ამისთვის ვარ პოლიტიკაში, ამისთვის ვიბრძვი. ვფიქრობ, თუ მოვინდომებთ, ყველას შეგვიძლია საკუთარი მისიის შესრულება…
“მისგან კარგი შვილი დამრჩა…”
– ძალიან მიჭირს და არ ვეხები ხოლმე ტრაგედიას, რომელიც ჩემს ოჯახში დატრიალდა. 2016 წელს ჩემი მეუღლე და თორნიკეს მამა ძალიან ახალგაზრდა, 42 წლის ასაკში გარდაიცვალა თრომბით. ეს დღემდე დიდი მწუხარებაა ჩვენს ოჯახში.
იმ დროს უკრაინაში ვიყავი, ის ამერიკის მოქალაქე იყო და იქ გარდაიცვალა. მისგან კარგი შვილი დამრჩა… თორნიკეს არ უყვარს საკუთარი თავის გაშინაარსება და მეც ვცდილობ და ვერიდები ხოლმე მასზე ლაპარაკს. ჩვენ მეგობრები ვართ, ის დიდია, ზრდასრული ადამიანი. გამოვიდა ისე, რომ დღეს მარტო მე და თორნიკე ვართ. 22 წლისაა ჩემი ბიჭი, წელს ამთავრებს უნივერსიტეტს, მარკეტინგს სწავლობს. ყველას ჩვენი ცხოვრება გვაქვს, ყველანაირად ცდილობს, კარგად დაამთავროს, იმუშაოს…
“ოღონდ ახლობელი ადამიანები იყვნენ კარგად…”
– გამორჩეულად კარგი მეგობრები მყავს, ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანები ჩემს ცხოვრებაში. ისინი ჩემი ოჯახის წევრები არიან, მაგრამ, სამწუხაროდ, დრო არ მრჩება არაფრისთვის – არც ოჯახისთვის, არც მეგობრებისთვის… ვფიქრობ, ამ რთულ სიტუაციაში – პოლიტიკურ კრიზისში, პანდემიაში, მეგობრები და შიანურები გადაგალახინებენ ხოლმე გამოწვევებს.
რახანია არც ჩემი მშობლები მინახავს, ორივე რისკის ჯგუფშია და ვერიდები მათ. უამრავ ადამიანთან მაქვს კონტაქტი, მიუხედავად იმისა, რომ სიფრთხილეს ვიჩენ და მაქსიმალურად აღჭურვილი დავდივარ. შევიძინე და ტესტს ხშირად ვიტარებთ მე და ჩემი შვილი. შეძლებისდაგვარად ვცდილობ თავის დაცვას, რათა ჩემს გამო გარშემომყოფები არ დაზარალდნენ და სხვა ადამიანებს არ შევუქმნა საფრთხე.
პანდემიამ დამაფიქრა იმაზე, რომ ყველანი გაცილებით უკეთ ვცხოვრობდით და ერთმანეთთან ურთიერთობის საშუალება გვქონდა. ხანდახან ალბათ არ ვაფასებთ ხოლმე კონკრეტული დღის მონაკვეთს. ახლა რომ ვუფიქრდები, როგორ მაკლია ჩემი მშობლები, რომლებიც დიდი ხანია არ მინახავს… ასაკში არიან, სულ ვფრთხილობ და მეშინია, მათ არაფერი დაემართოთ. ოღონდ ახლობელი ადამიანები იყვნენ კარგად… ეს ჩაკეტილობა ალბათ მძიმედ აისახება ჩვენს რეალობაზე. მართლა მიჭირს ამ ჩაკეტილობაში ცხოვრება ისევე, როგორც ყველას, მე ხომ განსაკუთრებული არ ვარ. მით უმეტეს, ძალიან გამიჭირდა საზღვრების ჩაკეტვის ამბავი, ვინაიდან ხშირად ვმოგზაურობდი სამსახურიდან გამომდინარე. ადამიანები სოციალური არსებები ვართ და ამიტომ ეპიდემია ყველას გაგვიჭირდა, რა თქმა უნდა..
უკრაინაში
– უკრაინაში პოლიციის უფროსის თანამდებობა როცა შემომთავაზეს, დიდხანს ვფიქრობდი ამაზე. საქართველოდან მიგვიწვიეს რეფორმატორთა გუნდი. ეს უშუალოდ პოროშენკოს შემოთავაზება იყო. მაშინ ამერიკულ დიდ პროექტში ვიყავი ჩართული. რა თქმა უნდა, დიდი გამოწვევა და პრობლემა იყო რეფორმის გატარება და უკრაინის მილიციის პოლიციად გადაკეთება. ოპერატიული სამძებრო საქმიანობის განხორციელება ნამდვილად არ არის ადვილი. იყო შინაგანი სიფრთხილე, რა თქმა უნდა, თორემ შიში საერთოდ არ მახასიათებს. ეს პერიოდი ჩემთვის გამორჩეულად საამაყო იყო. ვფიქრობ, უკრაინას დავუტოვეთ სახეშეცვლილი პოლიცია. სამწუხაროდ, პოლიტიკური ნების არარსებობის გამო, ბოლომდე ვერ მოხერხდა მისი ფორმირება. ჩემთვის საამაყო ის არის, რომ დღეს თუ ხედავენ უკრაინელ პოლიციელებს და პოლიციის ახალ მანქანებს, ამაში ჩემი წვლილია და რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, იქ ყველას კარგი კუთხით ვახსოვარ. რეფორმის ერთი ტალღა დასრულდა და იქედან ჩემი ნებით წამოვედი, გადავდექი. არ იყო პოლიტიკური ნება და უკრაინაში არ მოხდა სასამართლო და პროკურატურის რეფორმა. უკრაინული ენა მესმის, ვლაპარაკობ კიდეც…
ქალი პოლიციელი
ქალი პოლიციელი – ყოველთვის არის ამაში დაბრკოლებები, სტიგმაა და ითვლება, რომ ეს მასკულინურია, კაცის სამუშაოა. მიმაჩნია, რომ ნელ-ნელა ეს სტიგმაც გადაილახა. იყო სირთულეები… განაგრძეთ კითხვა <<<