2017 წლის პირველ დეკემბერს, შუადღისას, 51-ე სკოლის მოსწავლეები, მეთერთმეტე კლასელები, ლევან დადუნაშვილი და დათო სარალიძე ქალაქის ცენტრში, ხორავას ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის ეზოში დაჭრეს.
2019 წელს, ალიაში ზაზა სარალიძის ვრცელი ინტერვიუ დაიბეჭდა, ინტერვიუ საკმაოდ დიდი იყო და ნაწილ–ნაწილ ვთავაზობდით მკითხველს.
“ალიას” არქივი, 2019 წელი, ზაზა სარალიძის აღსარება, ნაწილი პირველი
– ხომ იცი, რატომაც აგარჩიე? ხომ იცი, გაკვირდებოდი, კაი ხანს! აღარავის ვენდობი! ისეთ ადამიანს ვეძებდი, ვინც ცალმხრივად არ შეხედავდა ჩემს ამბავს. – ასე იწყებს საუბარს ჩემთან ზაზა სარალიძე და უხმოდ ვუქნევ თავს.
კითხვა თითქმის არ დამისვამს, ან, რა კითხვა უნდა დამესვა ადამიანისთვის, რომელიც საათობით საუბრობდა, ტანჯვისგან და დარდისგან გამომშრალი!
«- ყველაფერს მოგიყვები, რაც 2017 წლის 1 დეკემბრიდან დღემდე გადამხდა, ეს იქნება ჩემი აღსარება. ნაწილის დაბეჭდვას შეძლებ, ნაწილის ვერა, მაგრამ გეცოდინება და ოდესმე დადგება დრო და გამოიყენებ.»- მეუბნება ზაზა სარალიძე.
ეს არ იყო ინტერვიუ, ეს მონოლოგიც არ იყო, დამპირდა, რომ აღსარებას იტყოდა და მართლაც გული ამოიღო და დამიდო.
დიდი ისტორიაა და ნაწილ–ნაწილ მოგიყვებით, ყოველი ნაწილის დაწერა მიჭირს.
არასოდეს არავისი აღსარება მომისმენია!
მით უფრო კაცის, რომელსაც შვილი მოუკლეს, მერე მკვდარი შვილი ულანძღეს, მერე სამართალი ახვეწნინეს, მერე ქოცებმა – ნაცებისთვის სულის მიყიდვა დააბრალეს და ნაცებმა ქოცებისთვის შვილის სისხლის მიყიდვა.
უყურებ, უსმენ და არც მიყიდულის ეტყობა რამე, არც გაყიდულის…
არ ვიცი, რამდენი ნაწილი გამოვა, ვფიქრობ, კიდევ სამი. ერთ ნაწილში, «ქართული ოცნების» დაშვებულ შეცდომებზე ვისაუბრებ!
მეორე ნაწილში, «ნაციონალების», ზოგადად ოპოზიციის დაშვებულ შეცდომებზე!
მესამე ნაწილში, გამოძიების დაშვებულ შეცდომებზე!
დღეს ვაპირებდი გამოძიების დაშვებულ შეცდომებზე საუბარს და გადავიფიქრე, დღეს დათუნა სარალიძეზე, მარიამ სარალიძეზე და მის ოჯახზე დავწერ.
ზაზა სარალიძე, აღსარება, ნაწილი პირველი:
«- ბავშვობიდან თბილი და მოსიყვარულე იყო. მაგრამ, რაკი ბიჭი იყო, თან ტანად დიდი და დიდი ძალის პატრონი, რაღაც პერიოდი სიმკაცრეს ვიჩენდი. არასოდეს შემწინააღმდეგებია, არასოდეს უთქვამს საყვედური და ვფიქრობდი, რომ სწორად ვიქცეოდი.
ერთხელ, დედამისისთვის უთქვამს, მამა ვეღარ მიგებსო. მეტი არაფერი, მარტო ეს ფრაზა – მამა ვეღარ მიგებს და მივხვდი, ე.ი. რაღაცას არასწორად ვაკეთებდი.
საერთოდ, როცა რაღაცას არასწორად აკეთებ, პირველ რიგში საკუთარი თავით უნდა დაიწყო, საკუთარი თავი უნდა გაზარდო, საკუთარ თავზე უნდა იმუშავო. დავიწყე ფიქრი, რას ვაკეთებ არასწორად და გადავწყვიტე, მამა და მეგობარი ვყოფილიყავი ერთად. ვსაუბრობდით, ვუყვებოდი, მიყვებოდა, განვიხილავდით.
ერთადერთი რაზეც სულ ვკამათობდით და ვერ ვთანხმდებოდით, ეს იყო ის, რომ ყოველთვის, ყველას დაცვას ცდილობდა, იცნობდა, არ იცნობდა, სულ ერთი იყო, ხედავდა, ვინმეს ჩაგრავდნენ? აუცილებლად უნდა დაეცვა.
ვუხსნიდი, რომ არ შეიძლებოდა, მარტო მისულიყო ყველას დასაცავად, აქ ქუთაისი არ გეგონოს, შვილო, აქ დიდი ქალაქია, ისე გაგიყრიან დანას, არც დაფიქრდებიან–მეთქი, ვეუბნებოდი, მაგრამ, არ ესმოდა. ეს იყო ერთადერთი, რაშიც არ მიჯერებდა. არ მიჯერებდა კი არა – ვერ მიჯერებდა. ვერ იგებდა, როგორ შეიძლებოდა, სუსტი არ დაეცვა.
თორემ, დათუნა უკონფლიქტო ადამიანი იყო, თავად კონფლიქტი არ მოუვიდოდა!
არ ვიცი, გული უგრძნობდა, ალბათ, დანის ეშინოდა, ვერ ეკარებოდა დანას. კარტოფილს მარიამს ათლევინებდა და აჭრევინებდა და მერე წვავდა!»
მიყვება ამას და ისეთი გაკვირვებული სახით და ხმით ამბობს, მარიამს ათლევინებდა და აჭრევინებდა კარტოფილსო, ვხვდები, რომ ბევრს რამეს მარტო აკეთებდა, სხვა სწრაფად მოსამზადებელ კერძებს, საკუთარი ხელით ამზადებდა.
მთელი იმ ექვსი საათის მანძილზე, რაც იქ დავყავი, მეორე ოთახში და დერეფანში, რამდენიმე ბიჭი მიდი–მოდიოდა. ვგრძნობდი, ინტერესი კლავდათ, რას მეუბნებოდა, რამე ახალი ხომ არ იყო და ზოგჯერ ისე ნერვიულად სცემდნენ ბოლთას, თითქოს ზაზას ნერვიულობას და ცრემლს კედლის მეორე მხრიდან გრძნობდნენ
ზაზა სარალიძე:
«- ყველა დღე მოდიან! ყველა დღე, ასე საათობით რჩებიან ჩვენთან, თუ ვერ მოახერხებენ დიდხანს დარჩენას, ცოტა ხნით მაინც შემოირბენენ, რომ არ დაგვხედონ, გამორიცხულია!
–კლასელები არიან?
– არა, უბნელები! იმ დღეს ამათაც უნდოდათ ხორავას ქუჩაზე წასვლა და ესენი რომ წასულიყვნენ არაფერი მოხდებოდა, მაგრამ დათუნას ერთ მეგობარს გაუჩერებია, არ ხართ საჭირო, არაფერი არ ხდება, პატარა სასაუბროა და დავიშლებითო!
ახლა ის ბავშვიც მაგრად განიცდის, რომ არ წაიყვანა ესენი, ესენი ხომ განიცდიან და განიცდიან.
იმ დღეს, მხოლოდ დათუნა და ლევანი არ მოუკლავთ, უამრავ ახალგაზრდას დაუმახინჯეს ცხოვრება!
ის ბიჭი, ვინც დათუნას მეგობრები და უბნელები არ წაიყვანა ხორავას ქუჩაზე, ამ ამბავს ვერასოდეს მოინელებს. მინდოდა მისი ნახვაც, მინდოდა მეკითხა, რატომ იყო დარწმუნებული, რომ არაფერი მოხდებოდა და საჩხუბარი არაფერი იყო, მაგრამ, მამამისი შემხვდა და ძალიან ცუდადააო მითხრა. სახლიდან თითქმის არ გამოდისო და მესმის. რთულია, იმის ცოდნა, რომ შეგეძლო მეგობრის გადარჩენა და რთულია იმის ცოდნა, რომ მეგობრებს დაუშალე მისვლა.
ეს ამბავი ამით არ დასრულდება!
ამის მეშინია ზუსტად, რომ ეს ტრაგედია ამით არ დასრულდება!
ბავშვებს მე ვაჩერებ, ყოველ დღე ვესაუბრები, ყოველ დღე მომყავს მაგალითები ბიბლიიდან!
პატრიარქთან შეხვედრები ძალიან მშველის!
იმდენადაც კი, რომ ჩემთვის, პირადად ჩემთვის უკვე სულ ერთია, მკვლელებს დაიჭერენ, თუ არა, მე უკვე ვაპატიე, მე ახლა მხოლოდ ჩემი შვილის სულზე ვფიქრობ და მხოლოდ მარიამზე, რომელმაც ძმასთან ერთად, მამაც დაკარგა ამ წლების მანძილზე.
მაგრამ, ამ ბიჭებმა არ აპატჰიეს.
არ ვიცი, რა იქნება, როცა გავა დრო და დათუნას მკვლელები ციხიდან გამოვლენ და შემთხვევით, დათუნას მეგობრებს შეხვდებიან სადმე!
ციხეში ვინც ზის – იმას კიდევ შეიძლება აპატიონ, მაგრამ ვინც ჯერ კიდევ არ დაუჭერიათ? ვის წინააღმდეგაც ყველა სამხილი გააქრეს? ვისი სახელიც იციან? იმას რა ელის?
სანამ კალანდიას დაიჭერდნენ, კალანდიას დედმამიშვილები მეფიქრებოდნენ. არ იყო გამორიცხული, დათუნას მკვლელობისთვის, კალანდიას დედმამიშვილზე ეძიათ შური! გამორიცხული არ იყო კი არა, ზუსტად ვიცი, ასე მოხდებოდა და არ მკითხოთ, საიდან ვიცი.
ამიტომ უფრო მინდოდა დაეჭირათ მკვლელები!
არაერთხელ ავუხსენი და მოვუყევი ეს პროკურატურასაც და შსს–ს თანამშრომლებსაც!
ახლა ყველაზე დიდი საფრთხის ქვეშ ისაა, ის რომელიც არ დასჯილა კი არა, ყველა სამხილი გააქრეს!
არ გამოვა ასე! არ დასრულდება ეს ტრაგედია ასე, კიდევ მოჰყვება სისხლი, თუ ყველა დამნაშავე არ დაისჯება!
თვალებში მიყურებენ ბიჭები, რომლებთანაც პატრიარქიდან წამოღებული ნუგეშის სიტყვები მომაქვს, ვესაუბრები სამართლიანობაზე და სანამ იციან, რომ ვზივარ, ვსუნთქავ და სამართალს ველოდები – ჩემთან ერთად ელოდებიან!
ღმერთმა არ ჰქნას, მაგრამ მეშინია, ერთ დღესაც, ჩემს თვალებში სამართლის მოლოდინის დასასრული რომ დაინახონ, ღმერთმა არ ჰქნას სამართლიანობის იმედი დაკარგონ, ღმერთმა არ ჰქნას, მანამდე მოვკვდე, სანამ სამართლიანობა აღდგება, არ ვიცი, ვინ და რა დააკავებს დათუნას მეგობრებს, ახლობლებს, იმ ხალხს, ვინც დათუნას უყვარდა, ინ ხალხს, ვისაც დათუნა დახმარებია – არ არიან ცოტანი, ბევრნი არიან და თივის ზვინში, ნემსის პოვნაზე უფრო რთული იქნება იმის პოვნა, რომელმა აიღო თავზე ხელი, რომელმა ვეღარ გაუძლო ლოდინს!
მე ვიცი, ყველა ის ბიჭი, რომელმაც ჩემს შვილს დანა დაარტყა, უკვე დასჯილია! საკუთარ თავთან არიან დასჯილნი.
ვიცი, სანამ სამართალი ბოლომდე არ აღდგება, არც დაკავებულები არიან დაზღვეულნი ციხეში, არც მკვლელების ოჯახის წევრები.
არ მინდა, დათუნას სახელს კიდევ ერთი სისხლიანი გარჩევა დაუკავშირდეს, არც ახლა და არც 25 წლის მერე!
ჩემი მთავარი მიზანი ესაა!
თორემ, მე პატრიარქის დახმარებით მივუახლოვდი უფალს და შევძელი პატიება!
ველოდები ახლა სასამართლო პროცესებს, რომლებიც კიდევ ექვს თვეს გასტანს.
ველოდები მესამე მკვლელის დაჭერას!
მაგრამ – ჯერ იქნება სკოლა – რომელმაც გაიმეტა ჩემი შვილი! რომელმაც ხმა არ გაიღო, როცა ჩემს შვილს მიწაში ატრიალებდნენ! მანდატურიდან დაწყებული, დირექტორით დამთავრებული.
მე ველოდი!
ველოდი, თავად მიხვდებოდნენ, თავად აიღებდნენ პასუხისმგებლობას! ველოდი, გამოძიება მივიდოდა იქამდე! ველოდი განათლების მინისტრის ნაბიჯებს. ველოდი, დათუნას კლასი როდის დაამთავრებდა სკოლას!
მართალია, დათუნას კლასელებმა პირველი ჩვენების შემდეგ, ერთხმად, შეცვალეს ჩვენებები, მართალია ერთხელაც არ მოსულან ჩვენთან სასაუბროდ, მეტიც, როცა თქვეს, რომ ბოლო ზარზე დათუნას საფლავზე მოვიდოდნენ, გავემზადეთ, მოვედით და არ მოსულან!
დირექტორსაც და მასწავლებლებსაც ველოდით ბოლო ზარის დღეს სასაფლაოზე, ვიცოდით, რომ ისინიც უნდა მოსულიყვნენ! მაგრამ – არავინ მოსულა!
ჩვენ მთელი დღე იქ გავატარეთ ლოდინში და არ მოსულან და ჩუმად თუ დადიან, არ ვიცი!
ფაქტი არის ერთი, ქალაქელებმა, მდიდარი ოჯახების შვილებმა, გაიმეტეს ჩემი სოფლელი ბიჭი, ჩემი მკვდარი ბიჭი და თავისნაირები, ცოცხლები არჩიეს დათუნას!
მიუხედავად ამისა, მე არ მაქვს მათ მიმართ ბრაზი – ვიცი, რა რთულია იმით ცხოვრება, რითი ცხოვრებაც მოუწევთ, უთქმელი სათქმელი გულში ჩატოვებით უნდა იცხოვრონ მთელი ცხოვრება, იმით უნდა იცხოვრონ, რაც გულში ჩაიტოვეს და არ თქვეს და ეს ძალიან მძიმეა. ძალიან მძიმე ტვირთი აკიდეს ამ ახალგაზრდებს, მოუშორებელი, გაუნელებელი ტვირთი!
ჩემი ოჯახი ახლა უფრო მძიმე დღეშია, ვიდრე ოდესმე. რას ისმენს ჩემი ქალიშვილი? ისმენს, როგორ გვაფურთხებენ და გვლანძღავენ, წლებია ლანძღვას ისმენს ჩემი ოჯახი!
ჯერ ოცნება მლანძღავდა, მერე ნაცები!
მე და ჩემი შვილი, ჩემი ოჯახი და ჩემი მკვდარი შვილი ვინც ლანძღა, ვუყურებ და ყველა საფუხურივით მიჰყვება ერთმანეთს, ყველას დრო დადგება, ყველას გადაუხდის ცხოვრება!
ორი ტელეფონი დავამტვრიე, ორი ტელეფონი გავტეხე, როცა ვერ გავუძელი იმდენ ტყუილს, სიბილწეს, ბოროტებას, სისაძაგლეს, რასაც ჩემი ოჯახის მიმართ ავრცელებდნენ
ახლა მაინც!
რომელს აღარ ვყავართ ნალანძღი?
ვინც მტრობდა მეგონა, იმან ხომ მლანძღა და ვინც მემეგობრებოდა მეგონა, იმანაც გამიმეტა!
მეკითხება მარიამი – რატომ გვლანძღავენ ასე დაუნდობლად და პასუხი არ მაქვს!
მეკითხება მარიამი, რატომ გვლანძღავს ის ხალხიც კი, ვინც გვემეგობრებოდა და პასუხი არ მაქვს!
აღარ უნდა მარიამს ამ ხალხში, ამ ქვეყანაში ცხოვრება, ვეღარ უძლებს და არც ამაზე მაქვს პასუხი!
წასვლა უნდა მარიამს ამ ქვეყნიდან და რომ დავუშალო, რა ვუთხრა, სად დარჩეს, ვის ენდოს? როგორ იცხოვროს ამდენ ბოროტებაში, როგორ იცხოვროს ამდენ სიბინძურეში სიყვარულით!
მარიამმაც დედას უთხრა, მარიამიც დედას გაენდო, ერთხელაც, კიდევ ერთი ტკივილი როცა მოგვაყენეს, ამოთქვა: – ეგ ერთი შვილი გყავდათ? მხოლოდ დათუნა იყო თქვენი შვილიო?
და ისევ მივხვდი, რომ რაღაცას ე.ი. არასწორად ვაკეთებ, არ ვუთმობ იმ დროს, რაც სჭირდება და ეკუთვნის, ალბათ, ვეღარ ვუწევ ისეთ მამობას, როგორსაც იმსახურებს, ალბათ და ისევ ვცდილობ ძალა ვიპოვნო და შევიცვალი, რათა მარიამი არ გავაბოროტო, მარიამის გულში სიძულვილის ადგილი არ დავტოვო!
მე, მე მართლა ვაპატიე ყველას!
ჩემთვის სულ ერთი არაა აწი, ციხეში იჯდებიან ჩემი შვილის მკვლელები, თუ გარეთ?
გამიცოცხლებს ეს შვილს?»
ხატებთან მივიდა, გაიღიმა და ხელი ხატისკენ და ბიბლიისკენ გაიშვირა:
«ესენი სუბელიანმა მოიტანა! მე სახლში არ ვიყავი.
მოსულა, სამძიმარი უთქვამს და დაუტოვებია!
სასამართლოზე, პროცესი რომ დასრულდა, მოვიდა და მითხრა, ეტყობა, ჩემი შვილის გაზრდაში შეცდომა დავუშვიო!
ვიცი, მისი ტვირთიც მძიმეა!
ყველას ტვირთი მძიმეა, ვისაც დანაშაული აწევს სულში!
პატრიარქს მოვუყევი, რომ მოსული იყო და ხატი და ბიბლია მოიტანა, ვკითხე, დამეტოვებინა, თუ არა!
გაიღიმა და მითხრა, უნდა დაიტოვოო!
ახლა მეც ვიცი, რატომ გაიღიმა!
მაშინ ვერ მივხვდი, მაშინ არ ვიყავი ღმერთთან ისე ახლოს, როგორც დღეს!»