მომღერალი სალომე ტეტიაშვილი სოციალურ ქსელში ვრცელ სტატუსს აქვეყნებს.
სალომე წერს, თუ რატომ დაკარგა მან სიმღერის სურვილი და ასევე საკუთარი თავის რწმენა.
როგორც მომღერალი აღნიშნავს, ერთ-ერთმა ცნობილმა და ავტორიტეტულმა ადამიანმა, რომელიც მისი „კუმირი“ იყო, სალომეს უთხრა, რომ მისგან არაფერი გამოვიდოდა.
სალომე წერს, რომ ამ სიტყვებმა მასზე ძალიან იმოქმედა.
„პირველად მოვყვები იმას, რაც არასოდეს არსად არ მომიყოლია და მინდა არ დაგეზაროთ და წაიკითხოთ.
რატომ დამეკარგა სიმღერის სურვილი და რატომ დავკარგე საკუთარი თავის რწმენა.
როდესაც 14 წლის ვიყავი, ოცნებად მქონდა, რომ მემღერა. მაშინ ჩემი „კუმირი“ ერთი ქართველი ქალბატონი იყო, დღემდე ცნობილი და ავტორიტეტული, რომლის აზრიც ჩემთვის უმნიშვნელოვანესი იყო.(ცხადია, სახელს და გვარს არ ვიტყვი)
მე არასოდეს არ მივლია ვოკალის პედაგოგთან, არც არასოდეს მქონია ამბიცია მომღერლობაზე, უბრალოდ ვგიჟდებოდი სიმღერაზე და ვხვდებოდი, რომ „ყრუ“ არ ვიყავი და ხმაც ცოტათი მომყვებოდა და მაშინ, როდესაც ყველაზე მეტად მინდოდა, რომ ჩემთვის ეთქვათ: „შენ ნიჭიერი ხარ“, „შენ ეს შეგიძლია“-საპირისპირო მივიღე. ამ წარმოსადეგმა ქალბატონმა მითხრა, რომ ჩემგან „არაფერი“ არ გამოვიდოდა. პიროვნულად დღემდე არაფერი არ მაქვს მისი საწინააღმდეგო და დღემდე ვაფასებ მის პროფესიონალიზმს, თუმცა მაშინ მისმა სიტყვებმა თავზე ჩამომამხო ყველაფერი.
ამ სიტყვების შემდეგ, ერთი წამითაც აღარ მიფიქრია, რომ ოდესმე ფართო აუდიტორიის წინაშე ვიმღერებდი. (რაც ისედაც არ მქონდა გეგმაში)
შემდეგ გავრცელდა ჩემი ვიდეო, სადაც მეგობრების გარემოცვაში ვმღეროდი, რაც ძალიან შეუყვარდა ხალხს და ითხოვდნენ, რომ სადმე პროექტში გავსულიყავი. ამის პანიკური შიში მქონდა, რაც ყველა ჩემს გამოსვლას ეტყობა, თუმცა გადავდგი ნაბიჯი. იმის გამო, რომ სასიმღერო კონკურსში გავედი, ჩემი „კატეგორიული“ შეფასებებიც დაიწყო. არადა რა მოხდა? რამდენი ადამიანი მღერის საქართველოში, რატომ ითხოვდნენ ჩემგან, რომ პროფესიონალურად უნდა მემღერა და თუ ვერ ვიმღერებდი და ვერც ვიმღერებდი-დამცინოდნენ?!
მიუხედავად ყველაფრისა, ის პერიოდი ძალიან კარგად მახსენდება, რადგან ხალხისგან უზარმაზარი სიყვარული მივიღე, (რაც ბევრ შემდგარ მომღერალს აკლია და კარგი იქნება თუ დაფიქრდებიან, რატომ?) თუმცა სცენის შიში დღემდე მომყვება. იმ პროექტის მერე ბევრჯერ ვცადე ბედი სხვადასხვა კონკურსში, მთელი გულით მინდოდა მემღერა, მაგრამ შიშისგან ხმა მიწყდებოდა, ვერ ვავლენდი ჩემს შესაძლებლობებს (თუ გამაჩნია საერთოდ). ყოველთვის უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებდი ვინ რას იტყოდა, ან იფიქრებდა ჩემზე და ეს საშინლად მთრგუნავდა. ქასთინგებზე ნერვიულობისგან სიცხეს მიწევდა, ყელი მიშრებოდა, ხმა მეხლიჩებოდა. საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ ფსიქოლოგიურად გავნადგურდი, აღარ მინდოდა მემღერა, აღარ მჯეროდა ჩემი თავის, დავიჯერე, რომ უბრალოდ არ შემეძლო.
ახლა რომ ხდებოდეს იგივე, სულ სხვანაირად მოვიქცეოდი, მაგრამ მაშინ მე გამტეხეს, გამანადგურეს, დამანგრიეს, რაც დღემდე მომყვება.
ადამიანის სული ძალიან ფაქიზია, ყველას არ შეუძლია მტკივნეული დარტყმების გადატანა, მით უმეტეს საწყის ეტაპზე (თორემ ახლა ქვა ვარ) და ძალიან ფრთხილად უნდა შევარჩიოთ თითოეული სიტყვა, რასაც ერთმანეთს ვეუბნებით.
ეს ყველაფერი იმისთვის გავამხილე, რომ მეთქვა: ადამიანებო, გთხოვთ, მეორე ადამიანს ნუ ეტყვით ისეთ სიტყვას, რომ გული მოუკლათ, დაუკარგოთ იმის კეთების სურვილი, რაც ბედნიერებისგან გულს უხეთქავს, გაანადგუროთ და დაუნგრიოთ ფსიქიკა.
ცხადი მაგალითი ვარ იმის, რომ ერთმა სიტყვამ შეიძლება ადამიანის ბედი გადაწყვიტოს და სამწუხაროდ მე “მათ” მივეცი ამის უფლება და არ მინდა, რომ იგივე დაემართოს სხვასაც.
მიეხმარეთ ერთმანეთს, შეაქეთ, გვერდით დაუდექით. ცხოვრების რაღაც ეტაპზე ადამიანები ისედაც ვხვდებით რა გამოგვდის და რა არა, ამიტომ ნაადრევად ნუ დაუკარგავთ ერთმანეთს იმედს, რომ ოდესმე ოცნებების ახდენა შესაძლებელია.
შეიძლება არასოდეს დავდგეთ სცენაზე, ვერასოდეს მივაღწიოთ იმას, რაც მთელი გულით გვინდა, მაგრამ ის მაინც გვაცადეთ, რომ ჩვენი ჭია გავახაროთ. არ გვჭირდება დაცინვა, დამცირება, სხვებზე შედარება. უბრალოდ რაღაც გვიყვარს და ვაკეთებთ და ვფიქრობ, ამით ხელს არავის არ ვუშლით
პ.ს. მარინა ბერიძე არ იყო
პ.პ.ს. ეს სიმღერა მხოლოდ ტექსტის გამო (სანამ ამბიციურობაში დამდებთ ბრალს)“, – წერს სალომე ტეტიაშვილი.