სამწუხაროა, რომ მსოფლიოს ამ “მერვე საოცრების” შესახებ არსებულ უამრავ ინფორმაციაში ხშირად არ არის მითითებული ოთარ ზალდასტანიშვილის ვინაობა. სწორედ მან მოახერხა იმ კონსტრუქციის დაპროექტება, რომლის წყალობითაც ყურეში ნიადაგის დამაგრება მოხერხდა, რათა მიწა ზღვას არ წაეღო. სამწუხაროა ისიც, რომ ოთარ ზალდასტანიშვილი თავისი გენიალური კონსტრუქციის შედეგების ნახვას ვერ მოესწრო. უფრო სამწუხაროა ის, რომ საქართველოში ასეთ დიდ პიროვნებას არ იცნობენ” – ამბობს ცნობილი ისტორიკოსი რუსუდან დაუშვილი, რომელიც ოთარ ზალდასტანიშვილზე საინტერესო ცნობებს გვაწვდის:
– მას შემდეგ, რაც ძვ.წ. II ს-ში მსოფლიოს შვიდი საოცრების სია შედგა, არაერთხელ იყო ამ სიის შეცვლის და შევსების მცდელობა. XXI-ე საუკუნის “მსოფლიოს მერვე საოცრებად” მიჩნეულია სპარსეთის ყურეში განხორციელებული პროექტი “პალმა ჯუმეირა”, ეს არის ზღვაში განლაგებული პალმის ფორმის ხელოვნური კუნძულები, რომელიც ასევე ხელოვნური ატოლით არის შემოფარგლული. როგორც აღმოჩნდა, ადამიანის ხელით შექმნილი ეს მეორე ძეგლია, დიდი ჩინური კედლის შემდეგ, რომელიც კოსმოსიდან ჩანს. ამ უნიკალური პროექტის შესახებ ინფორმაცია გავრცელებულია პრესის, ტელევიზიის, ინტერნეტის საშუალებით და ქართული საზოგადოება მეტ-ნაკლებად ინფორმირებულია, თუმცა ყველამ არ იცის, რომ ამ პროექტის ავტორი ჩვენი თანამემამულე, ემიგრანტი ოთარ ზალდასტანიშვილია. საქართველოში უკეთ იცნობენ ოთარის ძმას, ამერიკელ ბიზნესმენ გივი ზალდასტანიშვილს, რომელიც ხშირად ჩამოდიოდა საქართველოში და 2001 წელს ამერიკული აკადემიაც დააარსა. გივი საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის საარქივო კომისიის წევრი იყო.
ოთარის და გივის მამა სოლომონ ზალდასტანიშვილი ეროვნული არმიის პოლკოვნიკი, დამოუკიდებლობის კომტეტისა და სამხედრო ცენტრის წევრი და 1924 წლის აგვისტოს აჯანყების ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო. აჯანყების დამარცხებისა და სისხლში ჩახშობის შემდეგ სასტიკი რეპრესიები დაიწყო. სოლომონმა ქაქუცა ჩოლოყაშვილის შეფიცულებთან ერთად საიდუმლოდ დატოვა საქართველო და თურქეთის გზით საფრანგეთში გაიხიზნა. მალე საფრანგეთში ოჯახის წევრები, მეუღლე მარი ხირსელი და შვილები გივი და ოთარიც ჩავიდნენ. გივი 5 წლის იყო, ოთარი 2-ის, როცა საქართველოდან წაიყვანეს. საფრანგეთში 17 წელი იცხოვრეს, მაგრამ ბავშვებმა ქართული ცნობიერება და ენა შეინარჩუნეს. ყოველ კვირას დედა ქართულ სადილს ამზადებდა და მათ ოჯახში ქართველები იკრიბებოდნენ. II მსოფლიო ომის დროს უამრავ სხვა ემიგრანტთან ერთად სოლომონიც ჩაება ტყვეთა გათავისუფლების კამპანიაში. ქართველ ტყვეთა გასათავისუფლებლად რუმინეთშიც ჩავიდა და 500 ქართველის ბანაკიდან გამოყვანას დიდი ბრძოლით მიაღწია, მაგრამ დაავადდა და 1941 წელს ბუქარესტის საავადმყოფოში ტვინის ანთებით გარდაიცვალა.
– ამერიკაში როგორ აღმოჩნდნენ ზალდასტანიშვილები?
– სოლომონ ზალდასტანიშვილის მეუღლემ და ვაჟმა გივიმ 1947 წელს დატოვეს ევროპა და ამერიკაში გადასახლდნენ, სადაც უკვე ცხოვრობდა ოთარი. საფრანგეთში სკოლადამთავრებულმა გივიმ სწავლა ჰარვარდის უნივერსიტეტში განაგრძო. უნივერსიტეტის წარმატებით დამთავრების შემდეგ გივიმ ბიზნესს მიჰყო ხელი. გივიზე სამი წლით უმცროსი ოთარი 1922 წელს თბილისში დაიბადა, პარიზის უმაღლესი ტექნიკური სასწავლებელი დაამთავრა, შემდეგ სწავლა სორბონის უნივერსტეტში გააგრძელა. გატაცებული იყო დიდი ქართველი მეცნიერების, მუსხელიშვილისა და ვეკუას შრომებით და მათ თეორიებზე დაყრდნობით 1952 წელს სახელგანთქმულ ავიაკონსტრუქტორ ალექსანდრე ქართველიშვილთან ერთად სადოქტორო დისერტაცია დაიცვა, აეროდინამიკასა და ნიადაგის მექანიკაში. განაგრძეთ კითხვა