ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ გულის პრობლემების მქონე პაციენტთა ნახევარს გულის შეტევამდე ერთი დღით ადრე ფიზიკური სიმპტომი უფიქსირდება. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
სმიდტის გულის ინსტიტუტის მკვლევრებს თუ დავუჯერებთ, მიგნებები კომპლექსურია; ქალებსა და კაცებს ერთმანეთისაგან განსხვავებული, თუმცა შესამჩნევი, ნიშნები აქვთ, რომლებიც ესოდენ კრიზისული სიტუაციის მოახლოებას მოასწავებს. კერძოდ, როგორც წესი, ქალებს ქოშინი აწუხებთ, კაცებს კი – გულმკერდის ტკივილი.
სხვა შედარებით იშვიათ ნიშნებს შორის, რომლებიც ორივე სქესში დაფიქსირდა, კრუნჩხვის მსგავსი აქტივობა და უჩვეულო ოფლიანობა იყო.
იმის ცოდნა, რომ გულის შეტევის მომასწავებელი სიმპტომები არსებობს, თანაც პოტენციურად სქესთან დაკავშირებული, პაციენტებსა და ექიმებს შეიძლება გულის შეტევის პრევენციაში დაეხმაროს. ეს სამედიცინო მდგომარეობა შემთხვევათა 90%-ში სიკვდილით სრულდება.
კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა ორი კვლევის მონაცემები შეისწავლეს, რომლებიც გულის გაჩერებას ეხებოდა კალიფორნიასა და ორეგონში. მონაწილე პაციენტთა ასაკი 18-იდან 85-მდე მერყეობდა. შედარების მიზნით მკვლევრები ისეთ ადამიანებსაც დააკვირდნენ, რომელთაც ანალოგიური სიმპტომები ჰქონდათ, თუმცა გული არ გასჩერებიათ.
ავტორებს თუ დავუჯერებთ, გადარჩენის შანსი ხუთჯერ მაღალი აქვთ პაციენტებს, რომლებიც ავისმომასწავებელი ნიშნების შემჩნევისას სასწრაფო დახმარებას გულის გაჩერებამდე მიმართავენ.
მეცნიერები ფიქრობენ, რომ მსგავსი ნიშნების ცოდნა, შესაძლოა, გულის უცაბედი გაჩერების პროგნოზირებაში დაგვეხმაროს. მეორე მხრივ, წინასწარი შეფასება უფრო ზუსტი იქნება, თუ დამატებითი ინფორმაცია გვექნება.