სამი წლის შემდეგ, ჩემივე ინიციატივით, პარტიის საპატიო თავმჯდომარის სტატუსით პოლიტიკურ ცხოვრებას ვუბრუნდები – პოლიტიკაში თანამდებობისთვის არ მოვსულვარ, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა „ქართული ოცნების“ ყრილობაზე განაცხადა.
ივანიშვილმა საკუთარ გამოსვლაში გაიხსენა მისი პოლიტიკაში მოსვლის, შემდეგ კი წასვლის პირველი გადაწყვეტილება და ამის მიზეზები.
“ზუსტად 3 წლის წინ საზოგადოებას ვაცნობე ჩემი გადაწყვეტილება აქტიური პოლიტიკური პროცესებიდან დისტანცირების შესახებ. ახლა კი სამი წლის შემდეგ, ჩემივე ინიციატივით პარტიის საპატიო თავმჯდომარის სტატუსით პოლიტიკურ ცხოვრებას ვუბრუნდები. ცხოვრებაში გულწრფელობას განსაკუთრებით ვაფასებ, ამიტომ მინდა, ხალხს გულწრფელად განვუმარტო ჩემი გადაწყვეტილების მიზეზი. როგორც მოგეხსენებათ პოლიტიკური საქმიანობა არ არის ჩემს ხასიათში. ყველას ახსოვს, რომ ჯერ კიდევ 2012 წლის არჩევნებამდე გავუზიარე საზოგადოებას ჩემი განზრახვა, რომ არჩევნებში გამარჯვებიდან ძალიან მალე დავტოვებდი პოლიტიკას.
მაშინ ეს ბევრისთვის დაუჯერებელი იყო, თუმცა ისიც გახსოვთ, რომ 2013 წლის ბოლოს სიტყვა შევასრულე, მივიღე მსოფლიო პოლიტიკის ისტორიაში უპრეცედენტო გადაწყვეტილება და პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავებიდან ერთ წელიწადში საკუთარი ნებით დავტოვე მთავრობის მეთაურის პოსტი. ამით იმის შეხსენება მინდა, რომ პოლიტიკაში თანამდებობისთვის არ მოვსულვარ. პოლიტიკაში შესვლის გადაწყვეტილება მივიღე რწმენით, რომ ჩემი ეს ნაბიჯი წაადგებოდა მაშინ ყველაზე მეტად ქვეყნისა და ხალხის ინტერესებს.
პოლიტიკიდან ერთ წელიწადში კი იმის რწმენით გავედი, რომ მისია სრულად მქონდა შესრულებული და დამნაშავეებს ხელისუფლებაში დაბრუნების ამბიცია აღარასდროს გაუჩნდებოდათ. თუმცა როგორც შემდეგ გაირკვა, დანაშაულებრივ პოლიტიკურ სისტემას იმაზე ღრმად ჰქონდა ფესვები გადგმული, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანდა“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, აღნიშნულის შემდეგ მოუწია მრჩევლის ფუნქცია ეტვირთა.
“პირველად, 2018 წელს მომიწია პოლიტიკაში შემობრუნება. გავიხსენებ ევროკავშირის ყოფილი ელჩის სიტყვებს, ელჩმა, რომელთან ოჯახებით ვმეგობრობდი, მითხრა, რომ არ დავბრუნებულიყავი ერთი თვე, არაფერი დარჩებოდა მმართველი პარტიიდანო. ეს კარგად ვიცოდი, თუმცა ელჩის ნათქვამით გავიაზრე, რომ რაც მე დავინახე და შევაფასე, გარედანაც კარგი ჩანდა. მაშინ, ჩემი მისია შევასრულე, გუნდი თავიდან დავალაგეთ, სისტემა ავაწყვეთ და ამის შემდეგ მეორედ გავედი პოლიტიკიდან, საპენსიო ასაკმაც მომიწია და საპატიო მიზეზი მქონდა. ერთადერთი, რისი გათვლაც არ შემეძლო, იყო ქვეყნის და გუნდის ღალატი, რომელიც პოლიტიკიდან ჩემი დისტანცირებიდან ერთ თვეში გიორგი გახარიამ იკადრა. მაშინ მომიწია მრჩევლის ფუნქცია მეტვირთა და გუნდს კონსულტაციებით რომ არ დავხმარებოდი, პროცესები ქვეყნისთვის უმძიმესი სცენარით განვითარდებოდა. მას შემდეგ, პარტიის 2-3 ლიდერთან მქონდა კომუნიკაცია, რაც გუნდში ჯანსაღი ვითარების შენარჩუნებას უწყობდა ხელს. პარტიის ყოფილი ლიდერის მიერ რჩევების მიცემა გუნდისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა, უამრავ დემოკრატიულ ქვეყანაში ხდებოდა და ხდება“,- აღნიშნა ივანიშვილმა.