14 დეკემბერი საქართველოს ისტორიაში უმნიშვნელოვანეს დღედ შევა – ევროინტეგრაციის გზაზე პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგმულია და წლების ოცნების ასრულების შანსიც გაგვიჩნდა. გუშინ საღამოს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ჩვენთვის სასიხარულო ინფორმაცია დაწერა “ტვიტერზე” და გვამცნო, რომ საქართველოს მიანიჭეს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, ხოლო უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებები გაიხსნა:
“ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შესახებ. საბჭომ საქართველოს მიანიჭა კანდიდატის სტატუსი და ევროკავშირი დაიწყებს მოლაპარაკებებს ბოსნია-ჰერცოგოვინასთან მას შემდეგ, რაც წევრობის კრიტერიუმებთან შესაბამის აუცილებელ ხარისხს მიაღწევს. საბჭომ მოიწვია კომისია, რათა მარტამდე მოამზადოს ანგარიში”.
ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი და ბლოკის წევრი ქვეყნების ელჩები სპეციალურ მიმართვას ავრცელებენ და საქართველოს ამ ისტორიულ თარიღს ულოცავენ.
“საქართველოს მიენიჭა კანდიდატის სტატუსი. ამ ისტორიულ დღეს ევროკავშირს და წევრ ქვეყნებს ერთი გზავნილი აქვთ საქართველოს მოსახლეობისთვის, გილოცავ, საქართველო!”, – ამბობს მიმართვაში ელჩი ჰერჩინსკი.
- შეგახსენებთ, რომ ბრიუსელში გუშინ, 14 დეკემბერს დაიწყო ევროპული საბჭოს სამიტი, სადაც ლიდერები განიხილავენ ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკას, სტაბილიზაციისა და ასოცირების პროცესში შემდგომ ნაბიჯებს. ასევე, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის საკითხებს, უკრაინისა და მისი ხალხისადმი ევროკავშირის უწყვეტ მხარდაჭერას.
რას ნიშნავს და რა პოლიტიკური და ეკონომიკური ბენეფიტების მოტანა შეუძლია ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს საქართველოსთვის, ამ საკითხებზე დეტალურად გვესაუბრება ევროპულ-ქართული ინსტიტუტის ხელმძღვანელი გიორგი მელაშვილი:
“აქ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ჩვენი თვითმიზანი არა სტატუსის მიღება, არამედ საბოლოო ჯამში, ევროკავშირის წევრობა და ნორმალურ, დალაგებულ, ეკონომიკურად ძლიერ სახელმწიფოში ცხოვრებაა. ამ ორივე მიზნის მიღწევა, რომელიც ქართული სახელმწიფოს ეროვნული ამოცანებია, შესაძლებელია მხოლოდ სტატუსის მიღების შემდეგ. სტატუსი არის პირველი ნაბიჯი იმ გზაზე, რასაც ჰქვია ევროპული საქართველო და თანამედროვე, ნორმალური სახელმწიფო. სტატუსის გარეშე დანარჩენი გზის გავლა შეუძლებელია. რაც შეეხება კონკრეტულ ბენეფიტებს, ანუ მონეტარულ სარგებელს, რომელსაც ჩვენ მივიღებთ, უპირველესად, არის წვდომა გაფართოების ფონდებზე. აქამდე საქართველოს ჰქონდა წვდომა აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში იმ ფინანსურ დახმარებაზე, რომელიც გამოყოფილი იყო რამდენიმე ქვეყნისთვის, თუმცა ევროკავშირის მიზანი არ იყო საქართველოს სასწრაფო განვითარება და მომზადება წევრობისთვის.
ანუ ევროკავშირის მიერ ფონდების გამოყოფა, რა თქმა უნდა, გაიზრდება. ასევე, გაიზრდება ფინანსური დახმარება და ამ შემთხვევაში, ნაადრევია იმაზე საუბარი, უშუალოდ რამდენჯერ გაიზრდება (ეს გვეცოდინება ევროკავშირის გრძელვადიანი ბიუჯეტის დამტკიცების შემდეგ), თუმცა დანამდვილებით შეგვიძლია ორი რამის თქმა: 1. პირდაპირი დაფინანსების გზით გაცილებით მეტი ფული შემოვა საქართველოში და 2. მნიშვნელოვანია ჩვენი ჩართულობა ევროკავშირის პროგრამებში, როგორიცაა მაგ. ერასმუსი, რომელიც აფინანსებს ერთის მხრივ სტუდენტების საზღვარგარეთ განათლების მიღებას და მეორეს მხრივ, აკადემიურ კვლევას საქართველოში. ასეთი პროგრამები ევროკავშირს უამრავი აქვს და მოიცავს განათლებას, აგრარულ სექტორს, თავდაცვას და ა.შ. ანუ ყველა სფეროს. ამ პროგრამებზე წვდომის გახსნა, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, ასევე, საქართველოს აღქმა უკვე კანდიდატ ქვეყნად, რომელიც გახდება ამ გუნდის წევრი და რომლის პრემიერ-მინისტრი მომავალში იჯდება უკვე ევროპულ საბჭოში – ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი და ზუსტად ამ ორ რაღაცას მივიღებთ პირდაპირ.
რაც შეეხება პოლიტიკურ ბენეფიტებს, ესენია: 1. გვექნება მსოფლიოს 27 წამყვანი ქვეყნის მხარდაჭერა. 2. ბლოკის წევრობა, ანუ იმ ოჯახში და იმ პოლიტიკურ-კულტურულ ოჯახში დაბრუნება, რომელსაც ჩვენ მივეკუთვნებით და 3. გაძლიერებული დახმარება ჩვენი ეროვნული ამოცანების წინაშე – იქნება ეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი, რომელშიც ევროკავშირი მონიტორინგის მისიისა და საქართველოს მხარდაჭერის თვალსაზრისით, საერთაშორისო ასპარეზზე ისედაც აქტიურადაა ჩართული; წვდომა ევროკავშირის მშვიდობის ფონდზე, რომელიც რეალურად, თავდაცვისუნარიანობის გაზრდისკენაა მიმართული; მომავალში უფრო აქტიური მხარდაჭერა (თუ საქართველოს მთავრობა იმუშავებს ამ საკითხზე) ნატოში გაწევრებასთან დაკავშირებით, საქართველოს ინტერესების უკეთესი დაცულობა არა მარტო ევროპაში, არამედ გლობალურად.
უსაფრთხოების კუთხით, საქართველოსთვის საუკეთესო გარანტიაა უკრაინის რუსეთთან ომში გამარჯვება. თუმცა, კანდიდატის სტატუსი ჩვენთვის კიდევ ერთხელ არის წვდომის გახსნა ევროკავშირის მშვიდობის ფონდზე, რომელიც, ნატოს გარდა, ევროპის ყველაზე მსხვილი თავდაცვითი მექანიზმია და ამას ემატება ორმხრივი შეთანხმებები, მაგ. გერმანიის მიერ გამოცხადებულ „ჟამთა ცვლა“-ზე, რომლის ფარგლებში გერმანული შეიარაღებული ძალების შესაძლებლობები მნიშვნელოვნად უნდა გაიზარდოს. ამაში ასევე იგულისხმება მხარდამჭერი ქმედებები გერმანიის ფარგლებს გარეთ და ამ შემთხვევაში, ეს არის პირდაპირ მიმართული ბალტიის ქვეყნებზე და საქართველოზე. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ სომხეთში მიმდინარე მოვლენების ფონზე, როდესაც ეს ქვეყანა ცდილობს რუსეთზე დამოკიდებულების შემცირებას, სომხეთისთვის ევროპასთან დასაკავშირებლად ერთადერთი გზა საქართველო ხდება.
აქედან გამომდინარე, საქართველოს არა მარტო რეგიონალური ტრანზიტის, არამედ ასევე, სერიოზული პოლიტიკური მოთამაშის ფუნქცია აკისრია, რომელზეც პირდაპირ არის დამოკიდებული რეგიონის სხვა ქვეყანა. ფაქტობრივად, რაც მოხდება საქართველოში, პირდაპირ განსაზღვრავს სომხეთის ბედს პერსპექტივაში, ისევე, როგორც ჩვენს ბედს განსაზღვრავს უკრაინა. კანდიდატი ქვეყნის სტატუსი გვავალდებულებს, გავაგრძელოთ რეფორმების გატარება, რომლებიც მიზნად ისახავს საქართველოს თითოეული მოქალაქის კეთილდღეობის გაუმჯობესებას. სტატუსი უპირველესად ავალდებულებს საქართველოს პოლიტიკურ აქტორებს, გამოიჩინონ ცივილურობა და ქვეყანაში შემცირდეს პოლარიზაცია, პოლიტიკოსებმა დაიწყონ მუშაობა იმ საკითხებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია მოსახლეობისთვის. უფრო მეტად, რა თქმა უნდა, ეს არის პასუხისმგებლობა მმართველი პარტიისთვის, ვინაიდან ევროპის ერთ-ერთი ფუნდამენტური ფასეულობა თავისუფალი არჩევნებია. ამის შემდეგ დიდი მნიშვნელობა ექნება და დიდი ყურადღება დაეთმობა 2024 წლის არჩევნებს, რომელიც უნდა ჩატარდეს დემოკრატიულად და ევროპული სტანდარტების მიხედვით.“