საქართველოში ბევრი ტიკტოკერი და ინფლუენსერია, რომელიც საზოგადოებაში განსაკუთრებული სიმპათიებით და სიყვარულით სარგებლობს, ერთ-ერთი მათგანი იასინ იბრაჰიმია. ახალგაზრდა კაცს, თმის სტრუქტურის გამო, „ხუჭუჭა“ შეარქვეს და მისი ვიდეოები სოციალური ქსელის სხვადასხვა პლატფორმაზე ვირუსულად ვრცელდება.
სოცქსელის მომხმარებლებს იასინისა და ქუთაისელი ბლოგერის, სელენა ბუხაიძის ერთობლივი სახალისო კადრები უფრო ართობთ და უყვართ.
იასინ იბრაჰიმი ერაყში დაიბადა, წლების წინ, მისი ძმა სასწავლებლად საქართველოში ჩამოვიდა და 2012 წელს, თავადაც გადაწყვიტა აქ ჩამოსულიყო. საბოლოოდ, იმდენად მოიხიბლა ჩვენი კულტურითა და ხალხით, დარჩენა, კარიერის აწყობა და ოჯახის შექმნაც კი გადაწყვიტა.
თავდაპირველად, მასთან კომუნიკაციის დამყარება რატომღაც, ქართული შრიფტით გადავწყვიტე, მოგვიანებით კი გავარკვიე, რომ ჯერჯერობით, წერა-კითხვა არ იცის და ამის გამო, ხშირად, უხერხულ მდგომარეობაშიც ვარდება. არ უნდა იფიქრონ, რომ ხალხს აიგნორებს.
იასინ იბრაჰიმი: ბავშვობიდან ვშრომობ, ჩემი ცხოვრება თავად შევქმენი. სკოლაში არ მივლია… ერაყში საშინელი დრო გავიარეთ. ახლა იქ ყოფნა ძალიან საშიშია.
– როგორ აღმოჩნდი საქართველოში?
– 2012 წელს ჩემი ძმა აქ სასწავლებლად ჩამოვიდა, მე მის სანახავად. შემდეგ ხალხი გავიცანი, მომეწონა და დარჩენა გადავწყვიტე, ჩემი ძმა აქ აღარ ცხოვრობს. ბიზნესი ტრაბზონში მქონდა, თუმცა, საქართველო ვარჩიე. ახლა სამშენებლო კომპანიაში ვმუშაობ. მარჯანიშვილზე პატარა რესტორანიც გავხსენი… ყველა ჩემი ძმაკაცი, მეგობარი ქართველია.
– პირად ცხოვრებაში რა ხდება?
– ჩემს პირად ცხოვრებაზე საუბარი არ მინდა. გეტყვით, რომ ქალიშვილი მყავს, 4 წლის, მარიამი. ჩემს ცხოვრებას ის აძლევს აზრს, ჩემთვის ყველაფერია. ოჯახო 2017 წელს შევქმენი…
– იასინ, სელენა ბუხაიძის და შენი ვიდეოები ხალხს ძალიან უყვარს. რატომ უბრაზდები ხოლმე?
– სელენაზე მართლა ვბრაზდები, თან ქართულ ყველა სიტყვას ვერ ვიგებ. ხალხი მეუბნება, ცუდ სიტყვებს გეუბნებაო, მაგიჟებენ (იცინის). სელენა საუკეთესო მეგობარია, მართლა ძალიან კარგი ადამიანია, კეთილი გული აქვს. მეგობრობა იცის…
– ქართული რამდენ ხანში ისწავლე, გაგიჭირდა?
– თავიდან გამიჭირდა, ინგლისურიც არ ვიცი. მეგობრებისგან რომ მესმოდა სიტყვები, 2 წელში ვისწავლე…
– ქუჩაში გცნობენ?
– მცნობენ. ბავშვები რომ მიყურებენ, გული მიჩუყდება. ძალიან მიყვარს აქაური ხალხი. სადაც მივდივარ და რამეს ვყიდულობ, ფულს არავინ მახდევინებს.
– როგორ ფიქრობ, როგორ შეაყვარე ხალხს თავი?
– იცით როგორი ადამიანი ვარ? ალალად ვცხოვრობ. ძალიან ვმეგობრობ ქართველებთან და ყველა მიცნობს. მათთან სიყვარული მაკავშირებს და ეს არის მთავარი.