კოსმოსში ჩარჩენილ ორ ასტრონავტზე ახალი ინფორმაცია ვრცელდება

NASA-ს განცხადებით, საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე (ISS) მყოფ ასტრონავტებს, ბუჩ უილმორს და სუნი უილიამსს, დედამიწაზე დაბრუნებისთვის კიდევ უფრო მეტ ხანს მოუწევთ ლოდინი.

ბუჩი და სუნი კოსმოსში ივნისში გაფრინდნენ და დედამიწაზე ერთ კვირაში უნდა დაბრუნებულიყვნენ თუმცა, ტექნიკური პრობლემების გამო, მათი მისია გახანგრძლივდა. მათი დაბრუნების თარიღად, თავდაპირველად, 2025 წლის თებერვალი განისაზღვრა, ახლა კი, ახალი კაფსულის გაშვების გადავადების გამო, მათი დაბრუნება 2025 წლის მარტის ბოლოს ან აპრილის დასაწყისშია მოსალოდნელი.

NASA-ს განცხადებით, ჩამოსვლის გადავადება ასტრონავტებისთვის დამატებით რისკებს არ შექმნის.

“ნოემბერში, საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მარაგით დატვირთული ორი კოსმოსური ხომალდი ჩავიდა, სადაც საკვების, წყლის, ტანსაცმლისა და ჟანგბადის საკმარისი რაოდენობა იყო. მარაგში ასევე შედიოდა სპეციალური ნივთები იმისთვის, რომ ეკიპაჟის წევრებს დღესასწაულები ღირსეულად აღენიშნათ,“ – ნათქვამია NASA-ს განცხადებაში.

NASA-ს ინფორმაციით, SpaceX-ის ახალი Dragon კაფსულის მომზადება, რომელიც ეკიპაჟის შეცვლას განახორციელებს, გაჭიანურდა და მისი გაშვება მარტის ბოლოსთვისაა დაგეგმილი.

NASA-მ ასევე განიხილა სხვა კაფსულის გამოყენების შესაძლებლობა, მაგრამ საბოლოოდ გადაწყვიტა, დაეცადა, რათა მისიების გეგმები არ შეცვლილიყო.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *