ზაზა ოქუაშვილი “ტვ პირველსა” და “ფორმულას” პირდაპირ ეთერს სთხოვს – მთავარი არხის ერთ-ერთი დამფუძნებელის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
მივმართავ ტელეკომპანიებს „ფორმულას“ და „ტვ პირველს“, მე მზად ვარ რომ ჩავერთო პირდაპირ ეთერებში, გიორგი გაბუნიას მიერ გაკეთებული განცხადებების საპასუხოდ, რათა საზოგადოებას ჰქონდეს სრულ ინფორმაციაზე წვდომა.
კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ მიუხედავად ნიკა გვარამიას და გიორგი გაბუნიას მხრიდან მთავარი არხის გაძარცვისა და ხელოვნურად გაკოტრებამდე მიყვანისა, ტელეკომპანიის დახურვაზე არც მიფიქრია.
საქართველოში მიმდინარე მოვლენები, მათ შორის საზოგადოების ბრძოლა თვითმარქვია რეჟიმის წინააღმდეგ, ასევე, ჟურნალისტების მიმართ არსებული თავდასხმის ფაქტებიდან გამომდინარე არსებული ფონი, ნიკა გვარამიას ადმინისტრაციული პატიმრობა, ნიკა გვარამიას და გიორგი გაბუნიას მიერ გამოყენებული იქნა პიარულად ფეიქ ნიუსის შესაქმნელად საზოგადოებრივი აზრის მანიპულირებისთვის. კვლავ ვაცხადებ, რომ არხთან დაკავშირებით არავითარი ხელშემშლელი ან მიმდინარე პერიოდში რაიმე ნაბიჯი ჩემი, როგორც პარტნიორის მხრიდან არ გადადგმულა, ხოლო პრეტენზიები, რომლებიც არსებობს არხის მენეჯმენტის მიმართ თითქმის ერთი წელია იგივეა.
ჩემი პოზიცია იყო და არის, რომ არხმა უნდა იმუშავოს, ოღონდ არ უნდა იძარცვებოდეს. ჩემი სახსრებით შექმნილი არხი უნდა ემსახურებოდეს საზოგადოებას და არ უნდა გამოიყენებოდეს ერთი კონკრეტული პირის პიარ და პარტიული ინტერესებისთვის, გასაძარცვად და პირადი კეთილდღეობისთვის. სხვა ბევრ კანონდარღვევასთან ერთად, არ შეიძლება კომპანიას უგროვდებოდეს მილიონობით ვალი, ედოს საგადასახადო ინკასო, რაც საბოლოო ჯამში მას გაკოტრებამდე მიიყვანს და პრივილეგირებული პირები, მაგალითად ნიკა გვარამია, იღებდეს 88,500 ლარს, მხოლოდ ყოველთვიური ანაზღაურების სახით, მისი შემოსავლის სხვა მაქინაციებზე ცალკე ვისაუბრებ.
ნიკა გვარამიას და გიორგი გაბუნიას არასწორი მენეჯმენტის და არა ჩემი, როგორც პარტნიორის გამო, კომპანიის დავალიანება 13 მილიონ ლარს აღწევს. ეს არის სწორედ ის, რასაც მიჰყავს კომპანია გაკოტრებამდე და არხი გაჩერებამდე და რის გადაფარვასაც ცდილობენ გვარამია და გაბუნია.
ამ მიზნით, რამდენიმე თვის წინ, არხის ამჟამინდელი მენეჯმენტისთვის, რომლებიც საუბრობენ სხვა დამფუძნებლების სახელითაც, ჩემს მიერ შეთავაზებული იქნა ნანუკა ჟორჟოლიანის კანდიდატურა არხის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე, ხოლო უარის მიღების შემდეგ განვიხილავდი გია ჭანტუარიას კანდიდატურას, თუმცა ორივესთან პირადი მოლაპარაკების გარეშე.
ეს შეთავაზებები, ორივე, ახლაც ძალაშია, ვინაიდან მიმაჩნია, რომ ეს ადამიანები კარგად იცნობენ ტელევიზიის სპეციფიკას, აქვთ შესაბამისი გამოცდილება და შესძლებენ კომპანიის კეთილსინდისიერად მართვას.
ცალკე ვუპასუხებ ნიკა გვარამიას ფეისბუქ სტატუსში აღწერილ ყალბად შეფუთულ ცილისწამებებს.
წყარო: resonancedaily.com