- ფოტოზე: ლექსო ბუქური და ტარიელ და გოჩა ბედოშვილები
მცხეთა-მთიანეთის რაიონში წუხელ მომხდარ უმძიმეს ავარიას 3 ახალგაზრდა ემსხვერპლა. ავტომობილი, რომლითაც ისინი გადაადგილდებოდნენ, ჯერ ნაგვის ურნას დაეჯახა, შემდეგ ბორდიურს და შემდეგ კი ერთ-ერთი სახლის ეზოში შევარდა. მომხდარის შედეგად ავტომობილი აფეთქდა. სამივე ახალგაზრდა ადგილზე დაიღუპა.
AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, გარდაცვლილები არიან ძმები, ტარიელ და გოჩა ბედოშვილები და მათი მეგობარი ლექსო ბუქური. ბედოშვილები ანანურიდან იყვნენ, ბუქური კი სოფელ ცივწყაროდან.
“ანანურში ტრაგედია ტრიალებს, სამი ახალგაზრდა დავკარგეთ, ძმები ბედოშვილები და მათი მეგობარი ადგილზე დაიღუპნენ. როგორც ამბობენ მანქანა გაზზე იყო და შეჯახების შედეგად აფეთქდა. ბიჭები მანქანაში დაიწვნენ” – გვიყვება ადგილობრივი.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.