ქართველი ქალი მსაჯი მოდელის გარეგნობით – “ერთმა ფეხბურთელმა მომაძახა, შენ არ იცი, რა გაბრაზება ვიციო – მეც ვუთხარი, არც შენ იცი, მეც რა აფეთქება ვიცი, გურული ვარ-მეთქი”

ეს არის მსაჯი?!” – ასეთია კითხვა, რომელიც სტადიონებზე მზეკო შარაშენიძის დანახვისას წესისამებრ ებადებათ ხოლმე. მეც ამ კითხვის პასუხით დავიწყებ: დიახ, ეს არის მზეკო შარაშენიძე, საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი, ახალგაზრდა და პროფესიონალი, თანაც მოდელის გარეგნობით! ის ახლახან დაბრუნდა ლუქსემბურგიდან.

არ ვფიქრობ, რომ ეს პატარა ამბავია?! არც ქართულ ფეხბურთში ფიქრობენ ასე და სხვათა შორის, არც გურიაში, საიდანაც მზეკოა, კერძოდ, ოზურგეთში. აქ, სტადიონთან ახლოს დგას მისი სახლი, სადაც ცხოვრობს ფეხბურთის უზომოდ მოყვარული მისი ოჯახი. ჰოდა, ჩვენც აქედან დავიწყეთ, გურიიდან:

465727082-8524072064314277-7782071248113267711-n-1731660862.jpg

– საერთაშორისო მსაჯის წოდებაზე მსოფლიოში უამრავი ადამიანი ოცნებობს, შენ კი ეს ოცნება 26 წლის ასაკში აისრულე. ეს როგორ მოხდა?

– ამ წოდებას 25 წლიდან აძლევენ, მე 26 წლისამ მივიღე. როგორ მოხდა? ალბათ, ისე, რომ დამეხმარა ბავშვობის ოცნება, მეთამაშა ფეხბურთი. იმ წლებში ოზურგეთში, საერთოდ, საქართველოშიც, არ იყო ქალთა ფეხბურთი. სამაგიეროდ, მამაჩემს უზომოდ უყვარდა ფეხბურთი და როდესაც სხვა ბავშვები სერიალებს უყურებდნენ, მე და ჩემს ძმას გვერდით მოგვისვამდა და ფეხბურთს გვაყურებინებდა, თანაც, მხოლოდ ქართულ ფეხბურთს კი არა, მსოფლიო ფეხბურთს. აი, ასე შეგვიყვარდა ფეხბურთი მე და ჩემს ძმას. მერე ჩემი ძმა წავიდა ფეხბურთის სათამაშოდ და მე ვერა.

იმდენად აქტიური ვიყავი, 7 წელიწადი დავდიოდი ცეკვაზე, ჩოგბურთზე და ხელოვნების სტუდიებში. მერე ილიაუნში ჩავაბარე ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტზე.

– როგორი აქტიური ყოფილხარ, ამდენი რამ ერთად და კიდევ ბიზნესიც.

.

– კი, მაინტერესებდა და მაქვს კიდეც მცირე ბიზნესი. თუმცა ფეხბურთი არ დამვიწყებია და როგორც კი შესაძლებლობა მომეცა, მაინც მისკენ წავედი. ერთხელაც მეგობარმა მითხრა, ფეხბურთის ფედერაციამ სამსაჯო აკადემია გახსნა, ხომ არ გინდა წამოხვიდეო. რა თქმა უნდა, წავედი. ახლა ის ჩემი მეგობარიც მსაჯია და მეც. მოკლედ, უნივერსიტეტის მეორე კურსიდან უკვე ვსწავლობდი იქ. მე მთელი ენერგია მივუძღვენი ამ საქმეს. ცოტა, ალბათ, ჩემი გურულობაც მომეხმარა და ცოტა ბავშვობაში ვარჯიშებიც. ყველა გურულივით ჯიუტი ვარ, თუ რაიმე მიზნად დავისახე, ვერ მოვეშვები და მივაღწევ.

ოღონდაც მსაჯის პროფესიას გაცილებით რთული ვარჯიშები სჭირდება. გარდა თამაშის წესების ცოდნისა, დიდი სპორტული დატვირთვაა. წელიწადში ორჯერ ვაბარებ ნორმატივებს. ყოველდღე დავრბივარ თითქმის ორი საათი. მსაჯი ფეხბურთელზე არა ნაკლებად უნდა დარბოდეს, ხანდახან ფეხბურთელზე მეტი სირბილიც უწევს მოედანზე. ალბათ, ამ ყველაფერს არ ვაკეთებდი ცუდად, რადგან მსაჯის წოდება მალევე მომანიჭეს. მას შემდეგ 7 წელიწადი საქართველოში ვმსაჯობდი. მერე, ხანგრძლივი დაკვირვების შემდეგ, საერთაშორისო არბიტრის წოდებაზე წარმადგინეს. როდესაც შეაფასებენ შენს ჩატარებულ თამაშებს და სპორტულ მომზადებას, მაშინ გიშვებენ უეფასა და ფიფას მსაჯის წოდებაზე. შვეიცარიაში ჩავაბარე გამოცდა თამაშის წესების ცოდნაში, სპორტულ შესაძლებლობებსა და ინგლისური ენაში.

455245733-7949735011747988-6848485081528474099-n-1731660862.jpg

– ოჯახი როგორ შეხვდა ამ ამბავს, განსაკუთრებით, მამა… წარმომიდგენია, როგორ ამაყობს.

– როგორ შეხვდებოდა ფეხბურთის მოყვარული ოჯახი? ძალიან კარგად. მხოლოდ ბებიამ შემომხედა დაეჭვებით, როდესაც სამსაჯო აკადემიაში ჩავაბარე. მაგრამ მალე მიხვდა, რომ სერიოზულ საქმეს ვაკეთებდი და შემომიერთდა. რაც შეეხება მამას, როდესაც შვეიცარიის გამოცდებისთვის ვემზადებოდი და ოზურგეთში ვიყავი, თავად მომყვებოდა სტადიონზე და სანიშნეებს მიწყობდა, რომ ვარჯიში უფრო შედეგიანი ყოფილიყო. ახლა, რა თქმა უნდა, ჩემს ყველა თამაშს უყურებს, თანაც არაერთხელ. თუ თამაში ტელევიზიით არ გადაიცემა, მაშინ ჩანაწერს მთხოვს და იმასაც ათჯერ მაინც უყურებს.

მსაჯობა რთული პროფესიაა, ისიც ხომ ადამიანია და შესაძლოა ხასიათი მანაც გამოამჟღავნოს, მით უფრო, თუ წარმოვიდგენთ, რამხელა ზეწოლაა, როდესაც მსაჯის გადაწყვეტილებას გულშემატკივარიც და ფეხბურთელებიც აგრესიულად იღებენ და ყველაფერი ეს შენკენ მოდის. თავიდან მიჭირდა შეგუება, ახლა კი მშვიდად ვხვდები. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მსაჯის კომუნიკაციის უნარს, შეიძლება მყისიერად განმუხტოს ყველაფერი. ერთხელ ერთი ფეხბურთელი ძალიან გამინაწყენდა და მომაძახა, შენ არ იცი, რა გაბრაზება ვიციო. მეც ვუთხარი, არც შენ იცი, მეც რა აფეთქება ვიცი, გურული ვარ-მეთქი. ჰოდა, გაიღიმა და წავიდა.

– რატომღაც მგონია, აგრესია შენმა გარეგნობამაც შეიძლება ჩააწყნაროს. ალბათ, ბევრგან მოელიან ვიზუალურად, სულ ცოტა, მკაცრ მსაჯს მაინც.

– შეიძლება. ისე, მართლაც უკვირთ, მათ შორის, უცხოეთშიც. თავადაც გამიგონია, რომ უკითხავთ, ეს არის მსაჯიო?! ემოციურობის ან შემთხვევითი შეცდომისაგან არც მე ვარ დაზღვეული. თუმცა არსებობს ვიდეოდაკვირვება – მცირედითაც რომ მქონდეს საყოყმანო სიტუაცია, უსამართლო ვერ ვიქნები, წავალ, ვნახავ ჩანაწერს და დავაზუსტებ, რა გადაწყვეტილება უნდა მივიღო.

screenshot-2024-11-15-124932-1731660926.png

– არ გამიკვირდება ასეთი პროფესიონალიზმით და გარეგნობით, მსოფლიო რომ მოიარო. სოციალურ ქსელში წერენ, რომ მსაჯობის გარდა, გემოვნებიანი ქალიც ხარ, არაჩვეულებრივად წარადგენ ნებისმიერ სამოსს. ამაზეც ვარჯიშობდი?

– ბავშვობაში მიყვარდა სარკის წინ ტრიალი სხვადასხვა კაბით. ერთხანს მოდელობაც მომწონდა, მაგრამ ფეხბურთმა გადაწონა და მსაჯი გავხდი.

– გულით გისურვებ დიდ წარმატებას. წინ იარე საქართველოს სახელით.

– გმადლობთ. ჩვენ იმ ქვეყნის შვილები ვართ, რომელსაც აღიარება სჭირდება. ვისაც რა შეგვიძლია, ამისთვის ყველგან ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *