37 წლის ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის საცხოვრებელ სახლთან საგამოძიებო მოქმედებები დასრულებულია.
აბრამიძის მეზობლები მკვლელობის სავარაუდო მიზეზად ტრანსგენდერი ქალის მეზობლები ეჭვიანობას ასახელებენ. მოკლული ქალის მეზობლების განცხადებით, მათ ხმაური გაიგეს.
ერთ-ერთი მეზობელი მედიასთან ამბობს, რომ სავარაუდო დამნაშავის მხრიდან კესარიას მიმართ მუქარას, შეურაცხყოფასა და ფიზიკურ ძალადობას ადგილი არაერთხელ ჰქონია.
როგორც კესარიას კარის მეზობელი აღნიშნავს, ორი წლის განმავლობაში ის და მისი მკვლელი, როგორც ოჯახი, ისე ცხოვრობდნენ.
„მუქარები იყო ძალიან ბევრჯერ. იძახდა კიდეც, მემუქრებაო. ბოლო კომუნიკაცია მქონდა გუშინწინ და მითხრა მემუქრებაო, ღიმილით. იმდენად არ სჯეროდა იმის, რომ მოკლავდა, რომ ამბობდა, ვერ მომკლავს, ვუყვარვარო და სულ ღიმილით და იუმორში ატარებდა.
ეჭვიანობის მომენტებიც იყო, სხვა პირებზე ეჭვიანობდა ეს ბიჭი. ხმამაღალი საუბარი, რასაც მე შევესწარი, ეს იყო შეურაცხყოფა ჯაიანის მხრიდან. ერთხელ ფაქტიც ვნახე, გამოვიდა და მითხრა, მცემაო, დალურჯებები ჰქონდა მხრისა და ყელის არეში.
შეტყობინება მომივიდა, ტელეფონს მართმევდა და არ მივეციო. ორი წელი ერთად იყვნენ, როგორც ჩვეულებრივი ოჯახი, ისე ცხოვრობდნენ, აქ ცხოვრობდა ეს ბიჭი. რამდენიმე თვის წინ კვლავ ჰქონდათ დაძაბულობა, კესარიას შიშის მომენტიც ჰქონდა და ადგა და წავიდა საქართველოდან“, – ამბობს „ტვ პირველთან“ საუბრისას მეზობელი.
რაც შეეხება მკვლელობის დღეს, მეზობლები ჰყვებიან, თუ როგორ გაიგეს კივილის ხმა და როგორ დახვდათ სახლში შესულს კესარიას დაჩეხილი სხეული, რომელიც მთლიანად სისხლში ცურავდა.
ერთ-ერთი მეზობელი ასევე ამბობს, რომ მკვლელობამდე ორი საათით ადრე, კესარია მას უყვებოდა, რომ მკვლელობაში ეჭვმიტანილი ხელის თხოვნას აპირებდა.
„მეზობლებს გაუგიათ წივილ-კივილი, მაგრამ რომ გავიდნენ, ის უკვე კიბეებზე ჩარბოდა და რომ შევიდნენ დახვდათ სისხლში. ზამთარშიც იყო ასეთი შემთხვევა, მოუვარდა და მაშინ მეზობლებმა გადაარჩინეს, მაშინ პოსტიც დაწერა მაგაზე.
მერე ყველა ეუბნებოდა, შეეშვი, არ გინდაო… ორი საათით ადრე მჯდარა მეზობელთან ერთად, მანამდე პოსტიც დაუდია, მეზობლისთვის უთქვამს, ხელი უნდა მთხოვოსო.
კესო სახლში იყო და ის მერე მოვიდა. კამერები რაც ვნახე, ის წყნარად მშვიდად მოვიდა, დიდი ალბათობით, წინასწარ არც არაფერი არ აგრძნობინა.“ – ამბობს ერთ-ერთი მეზობელი.
ცნობისთვის, შსს-ს ინფორმაციით, კესარია აბრამიძის მკვლელობის ფაქტზე 26 წლის მამაკაცია დაკავებული. მას 16-იდან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.