ახალი დეტალები კახეთში მომხდარი სამმაგი მკვლელობის საქმეში – ადგილობრივები “კურიერთან” ჰყვებიან, რომ სავარაუდო მკვლელი, ზურაბ ზურაბაშვილი ციხიდან ახალი გამოსული იყო.
დანაშაული ახაშენში, სავარაუდო მკვლელის საცხოვრებელ სახლში მოხდა, სადაც რემონტი მიმდინარეობდა. 40 წლამდე მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ჯერ ცოლს ესროლა, შემდეგ 2 მამაკაცს, რომლებიც მისივე კუთვნილ სახლში რემონტის გაკეთებაში ეხმარებოდნენ. სამივე მათგანი ადგილზე გარდაიცვალა. ბრალდებული მკვლელობის ადგილიდან მიიმალა. მას ახლა პოლიცია ეძებს.
ადგილობრივები “კურიერთან” მომხდარის დეტალების შესახებ ჰყვებიან.
“ცოლი დაიბარა, სახლი დასალაგებელი გვაქვსო, ის მუშა კიდევ, ხელოსანი ბიჭი, აბანოს უკეთებდა. არ ვიცი, რა მოხდა. დაშორებულები იყვნენ ცოტა ხანს და მერე ქალმა თქვა, რომ მაინც არ მომასვენებსო და შეურიგდა. ციხიდან ახლა გამოვიდა, ერთი-ორი თვე იქნება,” – აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.
“დილას ყავა დავალევინე, პური ჭამეს, მშვენივრად იყვნენ, არაფერი ისეთი არ შემინიშნავს და მერე რა მოხდა, აღარ ვიცი. ჩემმა მეუღლემ თქვა, ცივი წყალი მივუტანოო, აქ რომ არ ცხოვრობენ ეგენი, მივალ, ვნახავ, წყალი ხომ არ უნდაო. მივიდა, შევიდა და ნახა, რომ გდია… მეთქი, ვაიმე, ფიქრია რომ არ ჩანს, შევხედე მარანში არ იყო, სამზარეულოში შევიხედე და იქ გდია ფიქრია…” – ჰყვება ერთ-ერთი ადგილობრივი “კურიერთან”.
გამოძიება მიმდინარეობს ოჯახის წევრის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის და 2-ზე მეტი პირის მკვლელობის მუხლით, რაც 16-დან 20-მდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.